„სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემმა საუბარმა გარკვეულ ძალებს პრობლემა შეუქმნა“

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორი“-ს დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ მას ინგა გრიგოლიას გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ პროკურატურის სახელით დაუკავშირდნენ.
გეჯაძის თქმით, პროკურატურის წარმომადგენლები შეხვედრას თხოვდნენ, რაზეც დათანხმდა, თუმცა შემდეგ ეჭვი გაუჩნდა, რადგან კულუარული შეხვედრებისათვის აქამდე პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია, პროკურატურაში მივიდა და გაარკვია, რომ აღნიშნული პიროვნებები სინამდვილეში პროკურატურის თანამშრომლები არ იყვნენ.
„კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობის შემდეგ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სტუმრად ვიმყოფებოდი, სადაც ჩემი გამოსვლით გარკვეულ ძალებს სამართალწარმოების ამა თუ იმ მიმართულებით პრობლემა შეექმნათ. დაახლოებით გუშინ 18:00 საათისთვის დამიკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი, როგორც პროკურატურის წარმომადგენელი, ისე გამაცნო. როგორც მისი საუბრიდან მივხვდი, ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რადგან მითხრა, რომ მის გამომძიებელს ჩემთან შეხვედრას დაავალებდა. ეს პიროვნება გამეცნო როგორც კახა თავაძე. მან მითხრა, რომ ხვალ იგეგმება პოლკოვნიკ თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის წამრომადგენლებთან, ახალაიას ოჯახის წევრებთან, გარკვეულ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ძირითადი ლაიტმოტივი ყოფილიყო, იყო თუ არა სიცოცხლისდროინდელი თეთრაძის ცხვირის მოტეხილობა და უკანა ტანში დაზიანება. ჩემმა საექსპერტო დაწესებულებამ თეთრაძის ექსჰუმიურებული გვამის მეორად გამოკვლევაში მიიღო მონაწილეობა სამხარაულის ექსპერტიზის კომისიასთან ერთად. ბატონმა კახამ მითხრა, რომ სიცოცხლისდროინდელი რომაა ცხვირის მოტეხილობა, კატეგორიულად არ გიწერიათ დასკვნაშიო, რაზეც არ დავეთანხმე და ვუთხარი, რომ კატეგორიულად გვეწერა ეს. მე მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ახლა ვხდები, რომ ისეთი ტერმინების გამოყენებით მესაუბრებოდა, რაც შექმნიდა იმის შთაბეჭდილებას, რომ ჩემსა და პროკურატურას შორის ალიანსი იყო“, – განაცხადა გეჯაძემ „პირველ პრესკლუბში“.
ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ე.წ. მთავარი პროკურორისათვის შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, თუმცა, როდესაც დროის შესათანხმებლად ე.წ. გამომძიებელს გადაურეკა, ტელეფონზე აღარ უპასუხეს.
„ბატონი კახასთვის შეხვედრაზე დასწრებაზე უარი არ მითქვამს. ცოტა ხანში მისი ე.წ. გამომძიებელი დამიკავშირდა, რომელიც, როგორც ირაკლი სუთიძე, ისე გამეცნო. მან მითხრა, რომ ყოველთვის გვერდით უდგახართ პროკურატურას და გთხოვთ ამ შეხვედრაზე, რომელიც თეთრაძის საქმეზე შედგება, რიხიანად დამეცვა ჩემი პოზიცია ექსპერტიზასთან დაკავშირებით. მან მთხოვა, რომ იქნებ ცალკე შევხვდეთ, ექსპერტებთან და ახლაიას ოჯახის წევრებთან შეხვედრამდე ასე 12:00 საათისთვისო და პროკურატურაში იქნებ არ იყოს ეს შეხვედრაო. ჩემს ოფისში შეხვედრა შევთავაზე, რაზეც დამთანმხდა. ცოტა ხანში ბატონ ირაკლის გადავურეკე, რადგან გამახსენდა, რომ 12:00 საათისთვის ოფისში არ ვიქნებოდი, თუმცა მან ჩემს ზარებს არ უპასუხა. რამდენჯერმე დავურეკე ე.წ. მთავარ პროკურორსაც. არც მან მიპასუხა ზარებზე. დაახლოებით 10-ჯერ დავურეკე. საღამოს საათებშიც დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა ისევ“, – აცხადებს გეჯაძე.
როგორც სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ყველაფერმა ამან ეჭვი გაუჩინა, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
„გავაანალიზე სიტუაცია, პროკურატურის ასეთ მაღალჩინოსნებს კულუარული შეხვედრების თაობაზე არასდროს დაურეკავთ და გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება ჩემი საუბარი ჩაეწერათ და იქიდან ისეთი ნაწყვეტები აეღოთ, რაც გამოავლენდა ალიანსს ჩემსა და პროკურატურას შორის. მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და მივედი პროკურატურაში. დავინტერესდი ეს მობილურები და სახელი და გვარები ნამდვილად ფიქსირდებოდა თუ არა პროკურატურაში. გადაამოწმეს და მითხრეს, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და ეს ხალხი ის ადამიანები არ იყვნენ, როგორც თავი წარმოაჩინეს. ამის მერე, ბუნებრივია, მივეცი წერილობით ფორმატში ინფორმაცია პროკურატურას და ვთხოვე, განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ზომები. მიუხედავად ამისა, დღეს მაინც ვფიქრობდი, იქნება ვცდები და არ არის ასე საქმე მეთქი. საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც არც 12:00 საათზე, არც 14:00-ზე ჩემთან არავინ მოსულა. დღესაც დავურეკე ე.წ. გამომძიებელს ირაკლი სუთიძეს. ჩემი აზრით, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც ჩემი ცენტრის წინააღმდეგაა მიმართული. ჩემი ვარაუდით, ეს მხოლოდ ახალაიას გარემოცვას აწყობს. საბოლოოდ ჯერ არაფერია დადგენილი, მაგრამ მოგახსენეთ ჩემი ვარაუდი. არანაირი ალიანსი არცერთ სტრუქტურასთან, არც „ენ-ჯე-ოსთან“, მით უმეტეს, პროკურატურასთან არ გვქონია. 2005 წლიდან არაერთი დასკვნა გადიოდა სტრასბურგში ჩვენი ცენტრიდან და ახლაც ობიექტურად, ყოველგვარი ბნელი და შავი კავშირების გარეშე ვმუშაობთ“, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები