ზვიად ოქროპირიძე: საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და მიმართულებები ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნა

შს სამინისტროს იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელის ზვიად ოქროპირიძის განმარტებით, საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და მიმართულებები ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნა. ოქროპირიძის თქმით, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით იყო გარკვეული გადაფარვა, რა მიმართულებითაც პროექტში ცვლილებები განხორციელდა.
ოქროპირიძის განმარტებითვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციად ორი მთავარი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკების და გამოწვევების ანალიზი.
“უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება: სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი და სხვა”, – აცხადებს ზვიად ოქროპირიძე.
მისივე თქმით, საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურს შორის ფუნქციათა გამიჯვნის კუთხით მნიშვნელოვნია სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხი.
“სამსახურს სპეციალური საშუალებების გამოყენება არ შეეძლება მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის, რაც პოლიციის უფლებამოსილებაა. კანონპროექტში იყო ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა ე.წ. სპეციალური საშუალებების გამოყენებას მართლწესრიგის მიზნებისათვის, ე.წ. საზოგადოებრივად საშიში პირების წინააღმდეგ. ეს ჩანაწერები, რომელიც სუფთა საპოლიციო ფუნქციის მატარებელია, მარეგულირებელი დებულებებიდან ამოღებულია. გაიმიჯნა, რა შემთხვევებში ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება”, – აღნიშნა ოქროპირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები