თბილისის მერიაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და „ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა განახლებადი და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოფენა გახსნეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენა თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გაიხსნა და მასში ოცამდე ადგილობრივი კომპანია მონაწილეობს. ენერგოეფექტური პროდუქციის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა სახის ენერგოდამზოგავი ტექნიკა, მასალა და მოწყობილობა აქვთ წარმოდგენილი. მოქალაქეებს ენერგოეფექტური მოწყობილობების დათვალიერება და გამოფენილი მასალის/ტექნიკის უპირატესობების შესახებ კონსულტაციის მიღება მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ.

“გამოფენაზე, რომელიც „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში იმართება, გამოფენილია მწვანე და თანამედროვე ტექნოლოგიიით შექმნილი პროდუქცია. ეს არის მომავლის ტექნოლოგია. მსგავსი პროდუქციით მომავალში შესაძლებელი იქნება იმ შედეგების მიღწევა, რომელმაც ცხოვრების პირობები უკეთესი უნდა გახადოს. აქ გამოფენილი პროდუქცია ენერგიის მეტად დაზოგვის და სათბური აირების ემისიის შემცირების საშუალებას იძლევა. ამ კუთხით გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და ბიზნესისთვის საინტერესოა”,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე სტუდენტურ-არქიტექტურულ კონკურსში მონაწილე ენერგოეფექტური პროექტებიც არის გამოფენილი, გამარჯვებული პროექტის ავტორი დღის ბოლოს გამოვლინდება.

თბილისის მერია ევროკავშირის ინიაციატივა – „მერების შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ ,,მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის’’ გამართვას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს. კვირეულის გამართვის მიზანია მოქალაქეებისათვის იმ უპირატესობებისა და შესაძლებლობების ჩვენება, რომელიც ენერგიის რაციონალური გამოყენებით მიიღწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები