“ჩვენთვის ოჯახი მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ასეთი ჩანაწერის კონსტიტუციაში გაკეთება მნიშვნელოვანი იქნება”

ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების საკითხზე პრემიერის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ჩაფიძის თქმით, ოჯახი მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ასეთი ჩანაწერის კონსტიტუციაში გაკეთება მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის გამო დეპუტატი ამ და შემდგომი მოწვევის პარლამენტში ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევას არ ელის.
„საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად 114 ხმა გვჭირდება, კვორუმი საკმაოდ მაღალია და არ ვვარაუდობ, რომ ამ მოწვევის და, მით უმეტეს, მომავალი მოწვევის პარლამენტში, რომელიც უფრო მეტი პოლიტიკური პარტიისგან იქნება დაკომპლექტებული, ამ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებებს დღევანდელი გადასახედიდან, სამწუხაროდ, ოპტიმისტურად ვერ ვუყურებ. ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, ჩვენთვის ოჯახი მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ასეთი ჩანაწერის კონსტიტუციაში გაკეთება მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა სამოქალაქო კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხს არეგულირებს და, ზოგადად, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ღრმად და საფუძვლიანად უნდა განვიხილოთ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ამერიკულ საზოგადოებაშიც არ არის ეს ცალსახა გადაწყვეტილებების საგანი. საქართველო უფრო ტრადიციული ქვეყანაა და არ მგონია, რომ ჩვენთან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საშიშროება უახლოეს მომავალში დაგვიდგეს“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები