ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი, ნუგზარ ციბაძე დააკავა.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილა, რომ ბრალდებულმა, ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემისა და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოზე თანხმობის მიცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 800 ლარი აიღო.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.