ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საქველმოქმედო პრემიერას გამართავს
სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად უკვე არაერთმა თეატრმა გამართა წარმოდგენა. გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა საგანგებოდ გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხა. საქველმოქმედო ხასიათის ინიციატივას ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრიც უერთდება.
დღეს და 30 ივნისს, 18:00 საათზე, ზესტაფონის თეატრში გაიმართება სპექტაკლის პრემიერა -„იხვებზე ნადირობა“. პიესის ავტორი XX საუკუნის რუსი დრამატურგი – ალექსანდრე ვამპილოვია, დამდგმელი რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე, მხატვარი – ნათია ბერაძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი გლოველი, ნანა ცხვირაშვილი, თემურ კიკნაველიძე, ნინო აბესაძე, მარეხ აბესაძე, ნანა ისიანი, ბადრი ტაბატაძე, თემურ ქველიაშვილი, გიორგი მჭედლიძე. „იხვებზე ნადირობა“ ვამპილოვმა 1970 წელს დაწერა. მას შემდეგ პიესა არაერთ თეატრში დაიდგა. საქართველოში მისი ინტერპრეტაცია რამდენჯერმე გათამაშდა. საინტერესოა, როგორი გადაწყვეტა მოუძებნა რეჟისორმა, რომელსაც ზესტაფონის თეატრის მსახიობებთან მუშაობისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს – რამდენიმე წლის წინ მამუკა ცერცვაძე აღნიშნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ინტენსიური სარეპეტიციო სამუშაოების შემდეგ, შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ ახალი დადგმა მაყურებლის მოწონებასა და ინტერესს დაიმსახურებს. საპრემიერო სიახლეებთან ერთად, შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში დამთავრდა ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2015“, სადაც ზესტაფონის თეატრმა წარმოადგინა ნინო ლიპარტიანის მიერ განხორციელებული ტენესი უილიამსის „ვარდის სვირინგი“. აღნიშნული დადგმისთვის მსახიობები: გიორგი გლოველი და ნინო აბესაძე (უმცროსი) მამაკაცისა და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლების ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.