ანსამბლი „სუხიშვილები“ თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

25 ივნისს, 15:00 საათზე, Radisson Blu Iveria-ში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „სუხიშვილების“ სიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას დაესწრება.
2015 წელი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დასის საიუბილეო თარიღია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 27 ივნისს, 20:00 საათზე ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „სუხიშვილები“ თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ანსამბლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, მათ შორის ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი და სხვა. გალაკონცერტს დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
27 ივნისის, 19:00 სთ-ზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში ასევე გაიმართება გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ ანსამბლის 70 წლის არსებობის განმავლობაში შექმნილ სასცენო კოსტიუმებს, ფოტო-ვიდეო მასალასა და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვან სხვა რეკვიზიტებს. კონცერტის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, კომპანიები: „სარაჯიშვილი“, „ზედაზენი“, „ავერსი“, „აუდი“, „ზარაფხანა“, „რედისონ ბლუ ივერია“, „ვინოტელი“, „გუჯარი“, „ინტერო“. საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“, საინფორმაციო ცენტრი „09“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები