მამუკა ბრეგვაძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ნაფიცი მსაჯულების განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ბრალდებულ მამუკა ბრეგვაძის მიმართ.
საქმე ეხება ცრუმაგიერ საწარმოთა დაფუძნების ფაქტს. საქალაქოს სასამართლოს ცნობით, საქმის მასალების თანახმად, დაფუძნებული საწარმოების საოფისე ფართები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, გაცილებით დაბალ ფასად იჯარით გაიცემოდა. “აღნიშნული სქემით, დივიდენდის სახით პარტნიორთა შორის გასანაწილებელი შემოსავალი მცირდებოდა, ხოლო ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად მიღებულ შემოსავალს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა. მამუკა ბრეგვაძეს ბრალად ედება ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. სხდომაზე, ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას. ასევე, წილისყრით აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც თათბირს ხელმძღვანელობს, სხვა მსაჯულებთან ერთად ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ, დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა ეტაპი“-აღნიშნავენ საქალაქო სასამართლოში.