პრემიერი: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

როგორც პრემიერმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, უნდა ჩამოყალიბდეს გლობალური ხედვა და ამის მიხედვით დაიგეგმოს ყველა სამუშაო, რომელიც დაუკავშირდება ვერეს ხეობის რეაბილიტაციას.

„რამდენიმე დღის წინ უკვე განვაცხადე, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა. უნდა ჩამოყალიბდეს გლობალური ხედვა და ამის მიხედვით დაიგეგმოს ყველა სამუშაო. უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია ღია იყოს და ყველა სპეციალისტს ჩართვის საშუალება მიეცეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნული მიმდინარე სხდომა, რომელსაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დარგის ექსპერტები და სპეციალისტები ესწრებიან, ემსახურება კონკრეტული დასკვნის მომზადებას, რომელიც მაღალკვალიფიციური იქნება და რომლითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას იხელმძღვანელებენ. „ამ სამუშაოს შედეგად უნდა მომზადდეს მაღალკვალიფიციური დასკვნა, რომლითაც ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას, ახლაც და შემდგომშიც უნდა ვიხელმძღვანელოთ. საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები – ეს შეიძლება იყოს გეოლოგების, არქიტექტორ-ურბანისტების, დეველოპერების, კონსტრუქტორების, ინჟინრების თუ სხვა სპეციალისტთა ჯგუფები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ სხდომის საქმიანობაში მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საექსპერტო დახმარების გაწევის მზადყოფნა მსოფლიო ბანკის, წითელი ჯვრის, გაეროს განვითარების პროგრამის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა, შვედეთისა და გერმანიის მთავრობამ, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა უკვე გამოთქვეს.

დღევანდელ სხდომას კი ქართველი ექსპერტებიდან ესწრებიან: გიორგი გოცირიძე, გია აბულაძე, გიგა ბათიაშვილი, ლადო ვარდოსანიძე, ირაკლი მასხარაშვილი, ტატო ბერიძე, ნიკო კახეთელიძე, თამაზ შილაკაძე და ტარიელ ტალიაშვილი.

ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერები, სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, არქიტექტორთა კავშირი – დავით აბულაძე; წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი – გივი გავარდაშვილი, მენაშენეთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი როსტომაშვილი, ჰიდროლოგი – ბადრი უკლება, გეოლოგები – ჭიჭიკო ჯანელიძე და მერაბ გაფრინდაშვილი, თბილისის არქიტექტურის უფროსი – ნინო ღოღობერიძე და სხვები.

უშუალოდ კომისიის მიზანი კი, პრემიერის თქმით, იქნება: კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომში იმპლემენტაციის კოორდინაცია უნდა განახორციელოს; უნდა შეიმუშაოს ერთიანი პოლიტიკა სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების პროექტირების და შედგომში მშენებლობის მიზნით; ასევე, უნდა უზრუნველყოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვა და სწორი კოორდინაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები