უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭო მოსახლეობას აფრთხილებს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.
როგორც საბჭოში აცხადებენ, მთელი ღამის განმავლობაში 19 ივნისს ცხოველის დაფიქსირების შესახებ 112- ში 47 შეტყობინება შევიდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.
“ფოტომასალაზე დაყრდნობით სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ ტერიტორიაზე შესაძლოა იყოს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი. ამჟამად, ტარდება საძიებო სამუშაოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგებულია ფოტო მახეები და ხორციელდება ტერიტორიის სისტემატიური მონიტორინგი. კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან”, – აცხადებენ კრიზისების მართვის საბჭოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის შესაბამის სამსახურებს დახმარებას უწევენ მონადირეთა ჯგუფები. მათ მიერ შემოწმდა კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც რამდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. “მზიურის” ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოებში, მათ კოორდინაციას ახდენენ მერის წარმომადგენლები, რომლებიც მოხალისეებს უტარებენ ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. ასევე რიგდება შესაბამისი აღჭურვილობა. თუმცა ჯერ კიდევ არის პრობლემა მოხალისეთა მხრიდან მოკლე შარვლებითა (შორტებით) და მოკლემკლავიანი მაისურებით მისვლის გამო. ასეთ მოხალისეებს ეძლევათ მითითება სამუშაოები განახორციელონ დაუტბორავ ადგილებში.
მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და სასმელი წყლით. ტერიტორიაზე განთავსებულია სამედიცინო პუნქტები საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. წყნეთის ქუჩაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო არხი შეკეთდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის მიერ და ამჟამად კედლებიდან გამომავალი წყლის ნაკადები საფრთხეს აღარ უქმნის ადგილზე მოწყობილ დამბას. საპროექტო სამსახურის მიერ დასრულებულია ბეტონის დამცავი კედლის პროექტის დამუშავება. უახლოეს საათებში დაიწყება შესაბამისი სამშენებლო მასალის შემოტანა და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება. “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე სრულდება წყლის ამოტუმბვა, რის შემდეგაც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. სვანიძის ქუჩაზე დასრულდა ძაღლების თავშესაფრის გაწმენდა დახოცილი ცხოველების ლეშისგან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია- დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი პაციენტი გაეწერა სავადმყოფოდან და ამჟამად სხვადასხვა კლინიკებში რჩება მხოლოდ ხუთი პაციენტი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები