პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას – ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლების შესახებ, არ ეთანხმება.
როგორც ლევან ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბრალდება გაეცნობა მოსამართლის განჩინებას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
პროკურორს მიაჩნია, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურა 4 მილიონზე მეტი ქონების გაფლანგვას ედავება. მისი თქმით, თუ მოსამართლე პროკურატურის მოთხოვნას, 10 ათასი ლარის გირაოს შეფარდების შესახებ დააკმაყოფილებდა, მაშინ ბრალდებულების პირად ქცევაზე კონტროლი უფრო შესაძლებელი გახდებოდა. „სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გაითვალისწინა იმ კუთხით, რომ დღესაც არსებობს ის რისკი და ის საფუძველი, რომ ბრალდებულებმა შესაძლებელია ჩაიდინონ დანაშაული, მოწმეებზე მოახდინონ ზეგავლენა ან არ გამოცხადნენ სასამართლოში. თუმცა, რატომღაც, ჩათვალა, რომ პირადი თავდებობა უზრუნველყოფდა ბრალდებულების პირად ქცევაზე კონტროლს, რასაც ბრალდებულების მხარე არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ 10 000 ლარის გირაო უზრუნველყოფდა სწორედ აღნიშნული რისკების უზრუნველყოფას. ვინაიდან, ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ისეთი დანაშაული, რა დროსაც ბრალდების მხარე ბრალდებულებს 4 მილიონზე მეტი ქონების გაფლანგვას ედავება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვნახავთ განჩინებას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის 10-10 -ათასლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჯანიძე და არჩილ ალავიძე სასამართლო დარბაზიდან პირადი თავდებობით გაათავისუფლეს. პირადი თავდებობა დაეკისრათ საქართველოს პარლამენტის წევრებს: ნინო გოგუაძეს, შალვა შავგულიძეს, ზურაბ აბაშიძეს, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანს.