თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები გირაოს გარეშე დარბაზიდან გაათავისუფლეს

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრალდებულები, გირაოს გარეშე, დეპუტატების: ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. პროკურატურა კი, აღკევთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობის, პატიმრობის შეცვლის დაყენება იმით ახსნა, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, ხოლო საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები; ასევე, დასრულებულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, შესაბამისად, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები შემცირებულია.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები – ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ტაშით შეხვდნენ. ამასთან, მოსამართლე დაცვის მხარის კიდევ ერთ შუამდგომლობას – ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები