ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი თავდებში ჩაუდგნენ
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი თავდებში ჩაუდგნენ, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი. ამასთანავე, დღესვე, წინა სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებს თავდებში უდგებიან: თამარ კორძაია, თამარ ჩარკვიანი, გივი სიხარულიძე, ლევან ბერძენიშვილი, გუბაზ სანიკიძე, ანი მიროტაძე, დავით თევზაძე, გია ყარყარაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია ყარყარაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება.
ამ დროისთვის ბრალდების მხარემ დაკავებული პირებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა უკვე დააყენა, დაცვის მხარე კი პატიმრობის უპირობო გაუქმებას ითხოვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე წუთში გავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.