თეა წულუკიანი: მივესალმები პროკურატურის ამ ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ე.წ. კაბელების საქმეს გამოეხმაურა. მინისტრი პროკურატურის ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას მიესალმება. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ეს ადამიანები საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან სახლში ოჯახთან ერთად.

“პირველად პროკურატურა გამოვიდა თავდაჯერებილის პოზიციიდან, პირველად პროკურატურა გამოვიდა ძლიერის პოზიციიდან და როგორც კი 16 ივნისს სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები ცნო დასაშვებად, პროკურატურამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სტანდარტის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არიან საჭირო ციხეში და ამ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ განაჩენს დაელოდონ შინ, ოჯახთან ერთად. თუკი ისინი იქნებიან ცნობილნი დამნაშავედ, ისინი დაბრუნდებიან ციხეში, თუკი მათ სასამართლო გაამართლებს, იქნებიან გამართლებულები. მე მივესალმები პროკურატურის ამ ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას და მიხარია, რომ ის ძლიერდება და მისი პრაქტიკა იზრდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები