სტიქიით დაზარალებულებს შესაძლოა, საბანკო სესხები აღარ გადაახდევინონ

თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის საბანკო სესხების შესაძლო პატიების საკითხი განიხილება. ამის შესახებ ვიცე-მერმა ჟურნალისტებს დაზარალებულებისათვის საბანკო ვალდებულებების კუთხით შეღავათების გაწევის თაობაზე საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საბანკო სექტორის წარმომადგენლებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.
“კომერციულ ბანკებთან შეხვედრისას რამდენიმე პრინციპული საკითხი განვიხილეთ. ბანკებს აქვთ სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები, მათ შორის შესაძლოა, დაზარალებულ პირთათვის სესხების პატიება სამომხმარებლო ნაწილში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ამ გადაწყვეტილებაზე უახლოეს მომავალში თავად იტყვიან”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საკითხი იყო იმ ფონდების განკარგვის საკითხი, რომელიც ბანკებში აკუმულირდება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემუშავდეს გამჭვირვალობის წესი, როდესაც ყველა შემომწირველს ეცოდინება, რომ თითოეული თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა დაზარალებული პირების საჭიროებებზე ან ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები