დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოხალისეებს აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ეკა ქავთარაძე მოხალისეებს ურჩევს, რომ სხეულის დაზიანების შემთხვევაში ანტიტეტანური ვაქცინა ჩაიტარონ.
მისი თქმით, ინფორმაცია ვაქცინაციის ჩატარების შესახებ მოხალისეებს ადგილზე დაურიგდათ, სადაც აღნიშნულია, რა უნდა გააკეთონ შემდგომი პრევენციული ღონისძიებებისთვის. როგორც ეკა ქავთარაძემ აღნიშნა, ანტიტეტანური ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 100%-ით ფინანსდება და მისი გაკეთება პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაშია შესაძლებელი.
„მოხალისეები, რომლებიც სტიქიის ზონაში შიშველი ხელებით ან მოკლე შარვლებით მუშაობდნენ და მათ აღენიშნებათ, თუნდაც რაიმე სახის ნაკაწრი, ან რაიმე სახის კანის დაზიანება და არა დიდი ჭრილობა, აუცილებელია ადგილზევე დაიბანონ საპნით ხელები და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ. იქ ადგილზე ექიმები შეაფასებენ ჭრილობის მიხედვით, თუ ვაქცინის რომელი რეჟიმი უნდა დაენიშნოს, მხოლოდ ვაქცინა თუ იმუნოგლობინი.
იმ კლინიკებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართულები, ეს სამედიცინო ღონისძიება მათ უფასოდ გაეწევათ. თუ პაციენტებს თანხა მოსთხოვეს, მომენტალურად 1505 -ზე უნდა დარეკონ და იქნება მყისიერი რეაგირება“, – აღნიშნა ეკა ქავთარაძემ.
მისი თქმით, ანტიტეტანური ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია 5 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ეს კლინიკებია – „მედკაპიტალი“ – გამრეკელის 19; „ჯანმრთელობის სახლი“ – ალ. ყაზბეგის 14ბ; „ვერე XXI“ – ქიაჩელის 18; ასევე უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ტაშკენტის N10-ში და მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სამინისტროს „ცხელ ხაზზე“: – 1505.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები