თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან აღნიშნულ თემაზე საუბრისას განაცხადა.
“მე, საერთოდ, იურისტთა იმ ჯგუფის კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ადამიანის პატიმრობაში ღირებულებას ვერ ხედავს, თუკი ძალადობრივი დანაშაული არ არის ჩადენილი. ამიტომ, თუ ეს ნამდვილად ასეა და პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, მივესალმები”, – განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა აღნიშნა, რომ როცა პარლამენტის წევრი იყო, თვითონაც ხელი მოაწერა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობას. მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები