პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართა, – ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება. ბრალდების მხარის მიერ ხსენებული შუამდგომლობის დაყენება განპირობებულია იმით, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები, რომელმაც გასტანა თითქმის 3 თვე (პირველი წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2015 წლის 01 აპრილს), რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში; ასეთ ვითარებაში პროკურატურას არ გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში, იმ ვითარებაში როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული წინასასამართლო განხილვა, საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად, ანუ კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებად. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები; ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ მიიღო ამ ეტაპისთვის ერთადერთი სამართლებრივად მიზანშეწონილი გადაწყვეტილება და მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ხსენებული ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით. საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია 2015 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე, სადაც მოხდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობის განხილვა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები