თბილისის პროკურატურაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ჰკითხავენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზვიად ქაწაშვილისა და შსს-ს სხვა წარმომადგენლებს ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში ჰკითხავენ.
პროკურატურაში ასევე კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელიც იკითხება. დაკითხვა ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ამ საკითხზე თბილისის პროკურატურაში უკვე საკითხეს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები. “დაიკითხნენ მოწმის სახით. გამოძიება გრძელდება და უახლოეს ხანში დაიკითხებიან როგორც კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტორს წარმომადგენლები და ყველა, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს აღნიშნულთან”, – აცხადებენ პროკურატურაში. ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. “2015 წლის 17 ივნისს, “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში ვეფხვი თავს დაესხა ოთარ ცუხიშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის დასადგენად, რომელიმე საჯარო მოხელის მიერ ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, რის შედეგადაც დადგა ზემოაღნიშნული მძიმე შედეგი, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”,-ნათქვამია პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმცაიაში.