თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს 17 ივნისის 24:00 საათიდან 18 ივნისის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება.
როგორც “კვირას” შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, კომპანია მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე აღდგენით სამუშაოს დღეს, 17 ივნისს, 24:00 საათზე განაახლებს.
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, დაზიანებული გაზსადენების რეაბილიტაცია გუშინ, 16 ივნისს, 19:00 საათზე დროებით შეჩერდა. ამის მიზეზი ამინდის გაუარესება და შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოს დროებითი შეწყვეტა იყო. “რეაბილიტაციის პროცესის განახლების გამო 17 ივნისის 24:00 საათიდან 18 ივნისის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: ილია ჭავჭავაძის N2, 9, 11, 17, 21, 33, 35 და 37 კორპუსები; ატენის, თენგიზ აბულაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ვლადიმერ გაბაშვილის, ნინო რამიშვილის, ნიკოლოზ ყიფშიძის, შიო მღვიმელის, ლუარსაბ შარაშიძის, ფასანაურის, გიორგი ქუჩიშვილის, ნინო ჟვანიას, კორნელი კეკელიძისა და რევაზ ჯაფარიძის ქუჩები; მერაბ კოსტავას I და II შესახვევები; “მზიურის” ტერიტორიაზე მდებარე პოლიციის შენობა, ცირკი და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გაზგასამართი სადგური (ყოფ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურთან)”, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, დასახელებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მიწოდება, კომუნალური და კომერციული ობიექტების ჩათვლით, სულ 5000-მდე აბონენტს შეუწყდება. კომპანია თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ გაზმომარაგების აღდგენისთვის ყველა რესურსს იყენებს. ამასთან, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” მოსახლეობას მოუწოდებს, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.