გიორგი ბადაშვილი: გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე
ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის შემთხვევაზე საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღიძრა, – ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პრემიერისგან მიიღო დავალება, რამდენიმე საათის წინ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიაზე ძიება დაიწყოს და ფაქტის სამართლებრივი შეფასება მოხდეს.
„მინდა, რომ დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გამოირიცხოს ნებისმიერი სპეკულაცია“, – მიმართა პრემიერმა გიორგი ბადაშვილს.
თავის მხრივ, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დაწყვებულია.
„გამოძიება საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია მყისიერად. შემთხვევის ადგილზე გაშვებულნი არიან როგორც გამომძიებლები, ასევე პროკურორები. ტარდება პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ფაქტი იქნება შესწავლილი. სისხლის სამართლის დანაშაული იქნება გამოძიებული. დაწყებულია გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, შესაბამისად, ტარდება ყველა ის გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ობიექტურად ვისაუბროთ, თუ რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს დანაშაული, ეს უბედური შემთხვევა“, – განაცხადა გიორგი ბადაშვილმა. რამდენიმე საათის წინ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვი მოქალაქეს თავს დაესხა და მოკლა.