თარაშ შურღაიამ სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა.
დიღმის მასივში მდებარე სასტუმროებში მცხოვრებ დაზარალებულებს დეპუტატი ბიუროს თანამშრომლებთან ერთად ეწვია და მოსახლეობის მიერ შეგროვებული პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, ბიუროში მიდიან ადამიანები, რომლებმაც საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვები პროდუქტების გარდა სურვილი გამოთქვეს ფულადი დახმარება გაეღოთ.
„ჩვენ წინასწარ შევისწავლეთ დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები და ბიუროს ორგანიზებით შევიძინეთ წნევის აპარატები, გლუკომეტრები და მედიკამენტები, რომლებიც მოსახლეობის სახელით პირადად გადავეცით მათ“,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.
დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას თანადგომისა და დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კი დახმარებას დაჰპირდა.
„ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ძლიერები ვართ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთის გვერდით დგომა და ერთმანეთის დაფასება. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, ვინც ჩართული იყო მიმდინარე პროცესებში. სამწუხაროდ ტრაგედიამ გაგვაერთიანა და დიდი თუ პატარა ერთად ვებრძვით სტიქიას. კიდევ ერთხელ დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, დაზარალებულ მოსახლეობას კი ვპირდებით, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათი პრობლემების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა თარაშ შურღაიამ.