პრემიერი დაზარალებულებს: ყველას მაქსიმალურად დაგეხმარებით, არც ერთი არ დარჩებით სახლის გარეშე

ყველას მაქსიმალურად დაგეხმარებით, არც ერთი არ დარჩებით სახლების გარეშე, – ამ სიტყვებით მიმრთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც დროებით სასტუმრო „აისბერგში“ ცხოვრობენ.
მთავრობის მეთაურმა დღეს ისინი მოინახულა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასტუმროს მეპატრონეს, რომელმაც დაზარალებულებს სასტუმრო უსასყიდლოდ დაუთმო.
„ჩვენ ყოველდღე შემოგვდის დახმარება სხვადასხვა კომპანიიდან თუ ადამიანებისგან. ეს არის გმირობის და სოლიდარობის გამოხატულება. თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტი, სამოქალაქო სოლიდარობის და გმირობის თვალსაჩინო მაგალითი და დიდი მადლობა ამისთვის“, – მიმართა პრემიერმა სასტუმროს მეპატრონეს.
სასტუმრო „აისბერგში“ ვერეს ხეობის 60-მდე მცხოვრებია განთავსებული, რომელთა შორის არის სტიქიის შედეგად დაღუპული ენუქიძეების ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გარდაცვლილის ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები