“აღდგენითი სამუშაოების კვალდაკვალ, პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ გამომწვევი მიზეზების დადგენას“

აღდგენითი სამუშაოების კვალდაკვალ, პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ გამომწვევი მიზეზების დადგენას, თუ რატომ მოხდა ასეთი სტიქია,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ზოოპარკის ტერიტორია მოინახულა და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პრემიერი ზოოპარკის დასუფთავების სამუშაოებში მონაწილე მოხალისეებს გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა სოლიდარობისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ახალგაზრდებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიიღონ აღდგენით სამუშაოებში, მაშველებს, რომლებმაც გააკეთეს მაქსიმუმი ადამიანების გადასარჩენად. დღეს მთელი საქართველო არის მობილიზებული ამ ტრაგედიის გარშემო,“–აღნიშნა პრემიერი.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო გვერდით დაუდგება დაზარალებულ ოჯახებს და ზარალის დათვლის შემდეგ მათ გაეწევათ ფინანსური დახმარება.

„ყველა ოჯახს დავეხმარებით მაქსიმალურად, არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე. პირველ ეტაპზე, დავითვლით ზარალს და შემდეგ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას აუცილებლად აღმოვუჩენთ ამ ოჯახებს”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღეა.

„ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო თორმეტი ადამიანის დაკარგვა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ჩვენ ვეძებთ დაკარგულ ადამიანებს და სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გამოცხადდეს გლოვის დღე და ყველა უწყების თავზე დაეშვას საქართველოს დროშა, საკმაოდ ტრაგიკული ისტორიები მოვისმინეთ, მაგალითად, მაშველი, მეხანძრე, რომელმაც გადაარჩინა მოქალაქეები, სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო საკუთარი თავის გადარჩენა, სამწუხაროდ, ისინი დაიღუპნენ. ასეთი გმირების ქვეყანა ვართ ჩვენ, მათ სჭირდებათ შესაბამისი დაფასება, ასე რომ, ჩვენ ვართ ვალდებულნი, სათანადო პატივი მივაგოთ მათ და მათ ოჯახებს,“–განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები