მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი გლდანის ციხიდან გათავისუფლდნენ

ორწლიანი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ დაღესტნელები, მიკაელ კადიევი და მისი ნათესავი რიზვან ომაროვი გლდანის N8 დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ. ინფორმაცია “კვირას“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა დაუდასტურა.
მიკაელ კადიევი და მისი ახლობელი რიზვან ომაროვი 2013 წლის ივნისში დააკავეს. შს სამინსიტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. ამასთან, ტერაქტის მცდელობის გარდა, კადიევსა და ომაროვს ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა წარუდგინეს.
მოგვიანებით ტერაქტის მცდელობის ბრალდება ორივე მათგანს მოეხსნა და, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ-ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორწლიანი პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ამოიწურა.
ამასთან, როგორც ცნობილია, კადიევი რუსეთის ფედერაციაში ძებნილად იყო გამოცხადებული. ოსკოვის ინტერპოლი კადიევის ექსტრადირებას მისთვის რუსეთში წარდგენილი მკვლელობის ბრალდების საფუძველზე ითხოვდა.
არც კადიევი და არც ომაროვი წარდგენილ ბრალდებას არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდნენ.
ამასთან, ადვოკატის მეშვეობით კადიევმა საქართველოს მთავრობას დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. მიკაელ კადიევის საქმეს სასამართლო მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც განიხილავს. საქმის განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს და მიკაელ კადიევი ჯერჯერობით ლტოლვილის მაძიებლის სტატუსს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები