ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ ფ. ბ. უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: ზ. კ.-ს და კ. კ.-ს მიმართ ახორციელებდა სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფერით ბუდუნი დამნაშავედ ცნო. ფერით ბუდუნს ბრალი ედებოდა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: კ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ზ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ძარცვის განხორციელებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ფერით ბუდუნი, 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის სექტემბრამდე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ზ. კ.-ს და კ. კ.-ს მიმართ ახორციელებდა სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული ფერით ბუდუნი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები