თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გივი კირკიტაძე 10 ივნისს დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მათივე ცნობით, მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი გივი სიმონის ძე კირკიტაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები