თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა (ვიდეო)

 

თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა იყო 2016 წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი. საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს – თავდაცვის მინისტრი ალიანსის ლიდერებთან და პარტნიორებთან შეხვედრებს სწორედ ამ დღის წესრიგით იწყებს. „ვარშავის სამიტი, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე დღეიდან მომავალი წლის 9 ივლისამდე ნებისმიერ ჩემს შეხვედრაზე იქნება საუბრის მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია – ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გადაწყვეტილება ცენტრის ადგილმდებარეობაზე უკვე მიღებულია და ქართული მხარე საბოლოო პასუხს ალიანსისგან ელოდება „დღეს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ მათ პასუხს ველოდებით რათა რეალურად უკვე დაიწყოს სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში ამ წლის განმავლობაში ჩამოვა და სიმბოლურად შეიძლება სწორედ ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა. ვინაიდან თარიღი არ ვიცით, ეს ჯერჯერობით გეგმაა,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები