ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რესტორან “ოტიუმში” “სოლიდარობის ფონდის” მიერ დაფინანსებულ 23 ბავშვს მეუღლესთან, შვილებთან ერთად მასპინძლობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა, მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი უსურვა.
“ძალიან ლამაზი დღეა. მინდა, ჩვენ ბავშვებს ვუსურვო, პირველ რიგში, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი. ჩვენ, სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი. დღეს არის ძალიან ლამაზი დღე – მე ვხვდები “სოლიდარობის ფონდის” მიერ დაფინანსებულ ბავშვებს, მშობლებს და ვხედავთ, რომ გრძელდება სიცოცხლე და შევძლებთ მათ დახმარებას. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, ეს არის ძალიან კარგი საქმე და, როგორც უკვე ჩვენ ვამბობთ, სიკეთე არის გადამდები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც “სოლიდარობის ფონდის” საქმიანობაში მონაწილეობს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეგროვდა ამ ფონდის მიერ და 112 ბავშვი დაფინანსდა. პრემიერის ინფორმაციით, აქედან ნახევარზე მეტს საზღვარგარეთ უმკურნალეს. “მადლობა ღმერთს, ეს ბავშვები ყველანი იქნებიან ძალიან კარგად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბავშვების გართობაზე ზრუნავენ მულტფილმებისა და ზღაპრის გმირები. ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბავშვებს პლანშეტურ კომპიუტერებს აჩუქებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები