თემო მურვანიძე: სააკაშვილს, დაჭერის შიშით, პანიკური შეტევები ემართება!

აი, ასე: მოხდა ის, რასაც, ალბათ, არავინ ელოდა: მიხეილ სააკაშვილმა, ოდესის გუბერატორობის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეობა დათმო. რატომ გადადგა ყოფილმა პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი? – ამ შეკითხვაზე არაერთგვაროვანი პასუხი არსებობს. პოლიტიკოსი თემურ მურვანიძე თვლის, რომ სააკაშვილმა „საპატიმროს სუნი“ იგრძნო და საქართველოს მოქალაქეობა ამიტომაც დათმო. მურვანიძის მსჯელობა ლოგიკურია, მით უმეტეს, რომ დაჭერაზე აქცენტი თავად მიშამაც გააკეთა და აღნიშნა, დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა „მატროსოვის ციხეში“ ჯდომას ნიშნავსო… მოკლედ, რა ჩაიფიქრა სააკაშვილმა? – „კვირის“ შეკითხვებს თემო მურვანიძე პასუხობს.

– ბატონო თემო, რას ნიშნავს, როცა ქვეყნის ყოფილი მმართველი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს? ისე, მსოფლიოს უახლესი ისტორია მსგავს პრეცედენტს იცნობს?
– ერთი მაგალითიც არ მახსენდება, რომ რომელიმე ქვეყნის მმართველს მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით ეთქვას. ეს კი არადა, საკუთარ სტატუსს ქვეყნიდან სახელმწიფო გადატრიალებებითა თუ რევოლუციებით გაძევებული, ან გაქცეული მმართველებიც სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ და ამის ბევრი მაგალითია.
ჩემთვის, როგორც ერთი ქართველისთვის, ნოე ჟორდანიას, ზვიად გამსახურდიას მძიმე ხვედრისა და სხვა ასეთი მაგალითების შემდეგ, ძალიან ძნელია, სააკაშვილის უპასუხისმგებლობის ატანა, თუმცა მისი მხრიდან არაფერი მიკვირს, მით უმეტეს, ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც 2005 წლიდან ვამტკიცებდი, სააკაშვილი სამარცხვინო და თვითმარქვია პრეზიდენტია-მეთქი. საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით ყველაფერი ეს დაადასტურა! – ისე, ალბათ, ბედის ირონიაა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ სიტუაციაში აღმოჩნდა, რა სიტუაციაშიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი იყო… მოქალაქეობაზე უარის თქმით, როგორ ფირობთ, სააკაშვილი ახალ პიარს ხომ არ დაიწყებს და მტკიცებას მოჰყვება, აი, „ოცნება“ მდევნისო…
სააკაშვილი, დიდი ხანია, ცდილობს, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი დააჯეროს, რომ უკანონოდ დევნიან, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენი პროკურატურა მის კანონიერ დაპატიმრებას მიუახლოვდა და ყოფილ პრეზიდენტს ჰგონია, რომ თავს მოქალაქეობაზე უარის თქმით გადაირჩენს… სააკაშვილი იმ დანაშაულობებზე, რაც ერისა და ღმერთის წინაშე მიუძღვის, ნებისმიერ შემთხვევაში აგებს!
რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ პარალელს, ყველას გვახსოვს, თუ როგორ ცდილობდა სააკაშვილი, რომ თავის დროზე ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმია, მაგრამ ბატონი ბიძინა ღირსეულ ქართველად და საქართველოს მოქალაქედ დარჩა, დიდი საფრთხის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლა და საკუთარ ხალხს ქვეყნის გათავისუფლებაში დაეხმარა. ეს ნამდვილი ვაჟკაცობის მაგალითია! ისე, მაშინ საქართველოს მოქალაქეებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, რომ იმდროინდელ ხელისუფლებას ბატონი ბიძინასთვის მოქალაქეობა შეენარჩუნება, თუმცა არ მგონია, ხალხს მსგავსი სურვილი სააკაშვილთა მიმართებაშიც გაუჩნდეს!
– ბატონო თემო, იზიარებთ მოსაზრებას, რომ მიშა ამერიკელებმა გაწირეს და ამიტომ, იძულებული გახდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო? – ეს ამერიკელებმა და მიშამ იციან, თუმცა მე თუ მკითხვათ, მიშა, უღირსი საქციელის გამო, ქართველმა ერმა გაწირა და ყველა დანაშაულისთვის საკადრისადაც დაისჯება! – თქვენი აზრით, „ნაცმოძრაობიდან“ ოთხი ე.წ. სახის წასვლა და სააკაშვილის ბოლოდროინდელი უკრაინული აქტივობა ერთმანეთს, უბრალოდ, დაემთხვა თუ ყველაფერი ერთი სცენარის ნაწილია?
– ეს ადამიანები სადღაც ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ – რაღაცას მოიფიქრებენ, მერე ვითომ ამ ჩანაფიქრს ახორციელებენ და ჰგონიათ, რომ ხალხის განწყობას მართავენ, მაგრამ რეალურად, ეს ძალიან არასერიოზულია და, ალბათ, ყველაზე გვიან მიხვდებიან, რომ ამ ქვეყანაში მათი გავლენა სამუდამოდ დამთავრდა!
– უშვებთ ალბათობას, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს და თუკი ასე მოხდება, ამით მარგველაშვილი – „ოცნების“ უთანხმოება სერიოზულ ომში ხომ არ გადაიზრდება?
– ვერ გეტყვით, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ბატონი პრეზიდენტი, თუმცა მას შემდეგ, რაც გაკეთა, სააკაშვილი საქართველოს თუნდაც ორმაგ მოქალაქეობას აღარ იმსახურებს! – ხომ არ დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომა, როცა სააკაშვილზე ინტერპოლით ძებნა თავიდანვე არ გამოაცხადა? – რას ნიშნავს თავიდანვე? ყველაფერს თავისი კანონიერი პროცედურები აქვს. ჩვენი პროკურატურაც სწორედ პროცედურებსა და კანონს მიჰყვება. ვნახოთ, რა შედეგები დადგება.
– გამორიცხავთ, რომ სხვა ძებნილებმაც, მაგალითად, ზურაბ ადეიშვილმაც მიიღოს უკრაინის მოქალაქეობა და ამით ქართულ მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს?
– სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად მართლმსაჯულებისაგან თავის დაღწევას არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში, საქმე სხვა პროცედურებსა და ნაბიჯებთან გვექნება.
– პოროშენკოს მხრიდან სააკაშვილის აღზევება რით აიხსნება?
– უფრო იმ აზრისაკენ ვიხრები, რომ ეს გლობალური პოლიტიკური თამაშის ნაწილია და სააკაშვილი უკრაინაში საკუთარ რესურსს მალე ამოწურავს.
– ზოგის აზრით, მიშას ოდესის გუბერნატორობა იმას ნიშნავს, რომ ოდესა რუსების გახდება. ბატონო თემო, თქვენ რას იტყვით?
– ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გეთანხმებით, რომ ამის დიდი ალბათობა არსებობს. – ისე, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს დაჭერის ეშინია? – ძალიან და მისი ფსიქოტიპის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, დარწმუნებული ვარ, შიშის პანიკური შეტევებიც ემართება – მედიცინაში ასეთი გამოცდილება არსებობს…
– ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, როგორ ფიქრობთ, კოჰაბიტაცია „ოცნების“ მთავარი შეცდომა ხომ არაა?
– კოჰაბიტაციაც უფრო ხელოვნურად შექმნილ თემას ჰგავს, „ოცნებამ“, იმ დღიდან, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, სააკაშვილის შეცდომების გამოსწორება და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. გარკვეულმა ძალებმა კი, სწორედ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროცედურების „კოჰაბიტაციად“ წარმოჩენა მოისურვეს და ეს გარკვეულწილად გამოუვიდათ კიდეც…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები