შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში აღნიშნა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან. ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. სტუმრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. პრემიერ-მინისტრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოვიდა და თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს დანაშაულის პრევენციაზე. ნდობა და სიახლოვე საზოგადოებასთან პოლიციელის საქმეა და მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღრმავდება. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ პოლიცას ჰყავს კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი. ხაზგასმით მსურს მივულოცო მას დღევანდელი დღე. როცა კამპანია იყო აგორებული პოლიციის წინააღმდეგ, ბატონმა გომელაურმა შეძლო, ფაქტიურად თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი თავისი სიმშვიდით, პროფესიონალიზმით, თავისი საქმისადმი სწორი პოლიტიკური მიდგომით და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მას მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და შს მინისტრმა თავის გამოსვლებში აღნიშნეს გარდაცვლილი პოლიციელების მიერ პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი წვლილი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. შინაგან საქმეთა მინისტრმა დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის შსს-ს პირველი ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სიკვდილის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები – ბექა მარგიშვილი და გიორგი ბერუაშვილი დააჯილდოვა.

მინისტრმა მედლები დაღუპული სამართალდამცველების ოჯახის წევრებს პირადად გადასცა. მედლით „მამაცობისთვის“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პოლიციელები – ვალერიან გრძელიშვილი და გიორგი მახარაშვილი დაჯილდოვდნენ. მინისტრმა მედლით „მამაცობისთვის“ ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის დროს მოქალაქეთა ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა: აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე – დეტექტივების განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი დავით პაპავა და უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი – გამომძიებელი, პოლიციის მაიორი ირაკლი შაქარიშვილი. მედლით „მამაცობისთვის“ ასევე დაჯილდოვდა თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვაჟა სირაძე.

შს მინისტრმა „20 წელი უმწიკვლო სამსახურისათვის“ სამკერდე ნიშნით დააჯილოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ხათუნა დობორჯგინიძე. სამკერდე ნიშნით „10 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაჯილდოვდნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი მალხაზ ლაგურაშვილი; სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მაიორი გიორგი ირემაძე; სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს ოპერაციების მზადყოფნის ქვეგანყოფილების უფროსი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი როზეტა კუკავა; სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის შტაბის G-2 დაზვერვისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აბრამიშვილი; დაცვის პოლიციის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს ზონალური მუშაობის განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ზვიად ფირცხალაიშვილი. „მადლობის სიგელებით“ დაჯილდოვდნენ: შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ლეიტენანტი კობა გრიალაშვილი; 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურის სპეციალისტი, პოლიციის რიგითი ნატალია ლომთიძე და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ბექა გოტიაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო „ღირსების მედალი“ შსს-ს აკადემიის პრორექტორ სოფიო კილაძეს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ თეონა ჭიჭინაძეს გადასცა.

ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი ავტოპარკი, ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერეს. საგამოფენო სივრცეში განთავსდა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი: ახალი ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორი“, „მინიკუპერი“, „პიკაპი“, მოტოციკლი „იამაჰა“, ელექტრომობილი „იამაჰა“, მიკროავტობუსი „ჰიუნდაი“; საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „ლენდროვერ დეფენდერი“, „მგელი“, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი; დაცვის პოლიციის ავტოპარკი: საინკასაციო ჯავშანმანქანები, საავიაციო უშიშროების სამმართველოს ოპერატიული მანქანა „კია ოპტიმა“, ოპერატიული რეაგირების ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“, ტექნიკური სამსახურის ავტომანქანა „რენო დოკერვანი“, ელექტრომობილი და დაცული სახლის მაკეტი; ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, კვადროციკლები, კავშირგაბმულობის მანქანა, საზღვრის დაცვის და კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებები, ფორმები და აღჭურვილობა, ახალაშენებული სასაზღვრო სექტორების ამსახველი ბანერები; უშიშროების ძველი ხელსაწყოები – 1960-80-იანი წლების ვიდეო-აუდიო ჩამწერი ტექნიკა და ავტომობილები, დამონტაჟებული კავშირგაბმულობის საშუალებებითა და რადიაციის აღმომჩენი სისტემებით. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტომ წარმოადგინა სახანძრო ავტომანქანა „მერსედესი“, თოვლმავალი „პოლარისი“, სამაშველო ავტომანქანა „ფორდი“, სასწრაფო დახმარების ავტომანქანა „მერსედესი“, სკუტერი, სადეკონტამინაციო კარავი და აღჭურვილობა. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ავტოპარკი, მოძრავი ლაბორატორია, რადიაციულ-ბირთვული ექსპერტიზის მოწყობილობები და ეკიპირება.

გაიმართა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი, „3D“ ბილეთების ჩვენება და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე მართვის მოწმობის დამზადების პროცესის და ახალი სანომრე ნიშნების შესარჩევი სენსორული მონიტორის დემონსტრირება. გამოფენილი იყო ისტორიული ბანერები, სადაც დატანილია საქართველოში პირველი ავოტომობილის და პირველი მართვის მოწმობის ამსახველი ფოტოსურათები. წარმოდგენილი იყო შსს-ს მომსახურების სააგენტოს გუნდის – „MIA Force“-ის სარბოლო ავტომობილები და საერთაშორისო ჩემპიონატებზე მოპოვებულ თასები. ღონისძიებას თავად მრბოლელებიც დაესწრნენ. „112“-მა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის SMS და ვიდეოზარის ახალი სერვისის შესახებ რგოლები და საინფორმაციო მასალები წარმოადგინა. ასევე გაიმართა GPS მომსახურების და განგაშის სიგნალის სიმულაციური ჩვენება. ნაჩვენები იყო GPS ტრეკერიდან განგაშის სიგნალის შემოსვლა „112“-ში, ადგილმდებარეობის ასახვა რუკაზე და „112“-ის ოპერატორის მიერ სიგნალის დაფიქსირება. შსს-ს აკადემიამ წარმოადგინა ვირტუალური ტირი, სადაც მსურველებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთით, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოერგოთ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო სამართალდამცველების ისტორიული სამოსი, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალები და წიგნები. შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები