ვახტანგ გომელაური: ვისურვებდი, რომ მომავალი დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებულ საქართველოში აღგვენიშნოს

ვისურვებდი, რომ მომავალი დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებულ საქართველოში აღგვენიშნოს, – ამის შესახებ საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი გამოფენები დაათვალიერა.

“პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ვისურვებდი, რომ მომავალი დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებულ, გამთლიანებულ საქართველოში აღგვენიშნოს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბევრი ხალხი გამოვიდა დასათვალიერებლად. სახელმწიფომ სახალხო სეირნობა გამართა და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა და ყველა კმაყოფილი ვართ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „იმელის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყების სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა წარმოადგინა. მათ შორისაა ვირტუალური ტირი, სადაც მსურველებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთი ინსტრუქტორის დახმარებით პოლიციის როლი მოირგონ, ასევე გამოფენილია საპატრულო პოლიციის ავტომანქანები, მოტოციკლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სახანძრო ავტომანქანა, სამსახურებრივი მსუბუქი, ოპერატიული ავტომობილი და თოვლმავალი, დაცვის პოლიციის ინკასაციის ახალი მანქანა. გამოფენაზე წარმოდგენილია საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის მოწყობილობები, მოძრავი ლაბორატორია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტები, ასევე მომსახურების სააგენტოს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი 3D ბილეთები, ისტორიული ბანერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები