„ირაკლი ოქრუაშვილით ვერ ვერთობი, ჟირინოვსკი ზოგჯერ მართობს“

  „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო მდივან დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს პოლიტიკურად საინტერესო არ არის – ამის შესახებ „კვირას“ დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მას ურჩევნია, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ნაცვლად ვლადიმერ ჟირინოვსკის მოუსმინოს, თუნდაც იმ მოტივით, რომ რუსეთის დუმის დეპუტატს იუმორი მაინც აქვს. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით დარჩიაშვილმა „კვირას“ განუცხადა, მას ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუ არ უნახავს და საჭიროდ არ მიაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მოუსმინოს.
„ირაკლი ოქრუაშვილისთვის არ მისმენია. მისგან არანაირ პოზიტივს ან რაციონალურ გამონათქვამებს ვერ მოისმენ. თუ მაინც აღმოჩნდება, რომ მას რაღაცნაირად პოლიტიკური რეიტინგი აქვს და ქართველთა გაბრიყვება შეძლო, მაშინ იძულებული ვიქნები, ვუსმინო და რეაგირება ვაკეთო… ისე მეტი საქმე არ მაქვს.. ვერ ვერთობი ირაკლი ოქრუაშვილის ყურებით… ჟირინოვსკით ზოგჯერ ვერთობი, ოქრუაშვილით რატომ უნდა გავერთო, არ ვიცი…. იმას იუმორი მაინც აქვს… მიმაჩნია, რომ დღეს მისი მდგომარეობა პოლიტიკურად არასაინტერესოა. თუ გახდება საინტერესო, მაშინ იძულებით მომიწევს მისი მოსმენა და რეაგირება… ვინც კი ოდესმე თანამდებობაზე ყოფილა, ყველას რომ მოვუსმინო, არ არის ლოგიკური“,- აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მხოლოდ მაშინ გახდა, რაც ირაკლი ოქრუაშვილი მათი თანაგუნდელი აღარ იყო.
„როცა მე პარტიაში შევედი, ეგ ჩვენი თანაგუნდელი აღარ იყო. საერთოდ, მისი ყოფნა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემთვის ამ პარტიასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო“, – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „რეაქციის“ სტუმარი იყო და მან ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები