თეა წულუკიანი: საქართველო რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციას არასდროს ელოდა

 

საქართველო რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციას არასდროს ელოდა და მთავრობას ეს მოლოდინი არ შეუქმნია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიგის სამიტის ერთადერთი მოლოდინი ევროკომისიის დეკლარაციაა, სადაც საქართველოს პროგრესი იქნება აღნიშნული. ასევე, წულუკიანის თქმით, არის მოლოდინი იმისა, რომ წლის ბოლომდე საბოლოო ანგარიში დაიდება, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნილი ექნებათ.

“არასწორი სიტყვაა, რომ ვიზალიბერალიზაცია გადაიდო. ეს არც არასდროს ყოფილა გადაწყვეტილი, არც არასდროს ყოფილა ჩვენი მოლოდინი და არც არასდროს ყოფილა მოთხოვნა. ნამდვილად არ ველოდით რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციას. თუ ნახავთ ჩვენი, მათ შორის ჩემი, ქალბატონ თამარის და პრემიერის განცხადებებს მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი, ჩვენ ვამბობდით, ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ რიგის სამიტის დასრულების მეორე დღეს უვიზოდ ვივლით ევროკავშირში. შეიძლება საზოგადოებაში განცდა იყო და სწორედ ამიტომ ვაკეთებდით ამ განცხადებებს, რომ ეს არასწორი მოლოდინი გვემართა სწორი მიმართულებით. რიგის სამიტზე მოლოდინი იყო ერთადერთი და მე იმედი მაქვს, რომ ამის რეალიზება მოხდება მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ პოზიტიური ანგარიში დადო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ , მაქვს რეალისტური მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე გამოვა დეკლარაცია, სადაც ფორმულირება იქნება, რომ ევროკავშირმა უთხრას საქართველოს, რომ არის ძალიან დიდი პროგრესი; ეს ძალიან დიდი პროგრესი ხელს გვიხსნის იქითკენ, რომ წლის ბოლომდე მეოთხე და საბოლოო ანგარიში დაიდოს და გვქონდეს რაიმე განცდა კი არა, რეალისტური მოლოდინი იმისა, რომ ყველაზე გვიან გაისად ევროკავშირის ქვეყნებმა თქვან, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირს მათი საზღვრების გახსნა. ეს ჯერ მოგებული თამაში არ არის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები