“საქართველოში ახალი მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა?!“

საქართველოში ახალი მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, თუ დროული სამედიცინო ჩარევა არ მოხდა, ლეტალური შედეგებით სრულდება, მოსახლეობა კი ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.
ადვოკატი ლალი აფციაური „კვირის ქრონიკასთან“ ყვება, რომ ეს ვირუსი მას და მისი ოჯახის წევრებსაც შეხვდათ და რომ არა დროული სამედიცინო ჩარევა, დღეს ის ცოცხალი არ იქნებოდა.
„ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ ცუდად. დედა მანგლისში იყო, 21 აპრილს დამირეკეს და მითხრეს, რომ მას სიცხე ჰქონდა. ექიმს გამოვუძახეთ და ფილტვების ანთება დაუდგინეს. ცუდად გახდა დეიდაჩემიც, ვარაუდობდა, რომ გაციებული იყო და მკურნალობა მანაც დაიწყო. მეორე დღეს სასწრაფო დახმარებას გამოვუძახეთ და გვითხრეს, რომ არც ერთს ფილტვებში არაფერი უჩანდა. თუმცა, სასწრაფოს წასვლიდან ნახევარ საათში დეიდაჩემი გაითიშა. მას გონება დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ერთი დეტალია: პირიდან დუჟი მოსდიოდა. დეიდაჩემი სასწრაფო მანქანით თბილისში რომ მოჰყავდათ, ამ დრო დედაჩემიც კომაში ჩავარდა. ორივე რკინიგზის საავადმყოფოში მოათავსეს. გზაში მეც ცუდად ვიგრძენი თავი და საჭესთან მჯდომიარე გავითიშე, მე ინგოროყვას საავადმყოფოში გადამიყვანეს. საავადმყოფოში მისვლის დროს ფილტვები შემიშუპდა და რეანიმაციის განყოფილებაში გადამიყვანეს. მახსოვს, რეანიმაციის განყოფილებაში არაერთი ადამიანი იყო ფილტვების შეშუპებით მოთავსებული. ასევე, გონებაში ჩარჩენილი მაქვს ფრაზა, ექიმები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს რაღაც ახალი ვირუსიაო. ჩემი ამბავი სოციალურ ქსელში რომ გავავრცელე, მომწერეს, რომ მათაც ანალოგიური შემთხვევები დააფიქსირეს. მაგრამ, უცნაურია, რომ ეს ვირუსი რატომღაც არ ხმაურდება“,- აცხადებს ლალი აფციაური.
ლალი აფციაური ვირუსის სიმპტომებსაც აკონკრეტებს. ,,იწყება დაბალი სიცხით, მაშინვე ხდება ფილტვების შეშუპება, მერე ავადმყოფი კომაში ვარდება, გადმოსდის დუჟი და რაც ყველაზე საგანგაშოა, სიკვდილით მთავრდება… თავად ექიმებიც აღნიშნავენ, რომ უმძიმესი პროცესია. საავადმყოფოდან რომ გამომიყვანეს, ჩემი ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ სიკვდილს ბეწვზე გადავრჩი. გადარჩა დეიდაჩემიც, თუმცა დედაჩემმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა“,- აღნიშნავს ადვოკატი.
აფციაური მოსახლეობას მოუწოდებს, აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს, რათა უბედური შემთხვევები თავიდან აირიდონ.
,,ხალხს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში ასეთი რამ ხდება. და როცა ასეთი უამრავი შემთხვევაა, ამის შესახებ განცხადება უნდა კეთდებოდეს, რომ ხალხმა საკუთარ თავს მაინც უპატრონოს, თორემ, ვიმეორებ, დიდია ალბათობა ლეტალური შედეგისა“, – აცხადებს ლალი აფციაური.
“კვირის ქრონიკა“ კომენტარისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს პაატა იმნაძესაც დაუკავშირდა. „ფანჯარა გამოაღეთ და გაიხედეთ, როგორი ამინდია, მეც მქონდა ეგ ვირუსი ახლა! რადგანაც ასეთი ამინდებია, სეზონი გაგრძელდა და ვირუსებიც გაგრძელდა. ახალი არაფერი და ხელოვნური ეს ვირუსი არაა. გამოვა მზე და ყველაფერი კარგად იქნება! თუ ძალიან გაინტერესებთ, ამჟამად გავრცელებულია რინოვირუსი და სიფრთხილე, ცხადია, ცხადია საჭირო“, – აცხადებს იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები