35 წლის ქალბატონი მეუღლისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას მოითხოვს – „ფიზიკურმა შეურაცხყოფამ სისტემატური ხასიათი მიიღო“

35 წლის ქალბატონი მეუღლისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას მოითხოვს, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა ქალბატონის ვინაობას გარკვეული მიზეზების გამო არ ასაჯაროებს.
„სანამ დავქორწინდებოდით, ჩემს მომავალ მეუღლეს წლების მანძილზე ვხვდებოდი და უგონოდ შეყვარებულიც გახლდით, მაგრამ, როგორც კი ერთად ცხოვრება დავიწყეთ, ამ ადამიანმა ხასიათს ისეთი თვისებები გამოავლინა, როგორსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. სასმელის მოყვარული ყოველთვის იყო, მაგრამ ამას დაემატა ჩემი უმიზეზოდ ცემა. საშინლად ეჭვიანი იყო. ერთხელ, ეზოში მანქანა ვიღაცას უსიგნალებდა და ჩათვალა, რომ მე მისიგნალებდნენ. ისე სასტიკად მცემა, რომ თვალიც დამილურჯა და მხარსაც კარგა ხანს ვერ ვამოძრავებდი. ფიზიკურმა შეურაცხყოფამ რომ სისტემატური ხასიათი მიიღო, მეუღლის შიში გამიჩნდა და სახლში გავიქეცი. ამ დროს რვა თვის ორსული ვიყავი. მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდოდა, ბავშვი უმამოდ დაბადებულიყო და მეუღლეს შევურიგდი“, – ამბობს ირმა.
როგორც გამოცემა წერს, ალკოჰოლის სიყვარულს მალე ნარკოდამოკიდებულებაც დაემატა და დედა-შვილისთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ქალბატონი ირმას მეუღლე რამდენიმე წლის წინათ, ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე დააკავეს, თუმცა საპროცესო გარიგების შემდეგ, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. მოგვიანებით, მეუღლემ ირმას ფინანსური პრობლემებით ისარგებლა და ბავშვზე კონტროლი მთლიანად თავის ხელში აიღო. მალე მამაკაცმა ფიზიკური ძალადობა შვილზეც განახორციელა.
როცა მამამ ბავშვი რამდენჯერმე დალურჯებამდე სცემა, დედამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და შვილი თავის სახლში წამოიყვანა. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელზეც ირმა თავისი შვილის მამისთვის მშობლის უფლებების შეზღუდვას ითხოვს. მოძალადე მეუღლის ქცევას ქალბატონი დეტალურად იხსენებს.
„მეუღლე გამუდმებით ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის გამო, ერთხელ ცოტა ხნით დააკავეს კიდეც, თუმცა ყველაფერი ამით დასრულდა. შემდეგ მეუღლემ ჩემი ფინანსური პრობლემებით ისარგებლა და ბავშვზე კონტროლი მთლიანად თავის ხელში აიღო. ბავშვი მისთვის სასურველ სკოლაში შეიყვანა და კაცმა, რომელსაც ერთი დღეც კი არასოდეს უმუშავია, გამომიცხადა, ბავშვს მე მივაქცევ ყურადღებასო. ამ დროს ჩვენი ურთიერთობა უკვე დისტანციური იყო. თუ რაიმე არ მოეწონებოდა, სახლიდან გამომაგდებდა, მერე დამირეკავდა, ისევ მირიგდებოდა და ასე დაუსრულებლად. ჩემი ტელეფონის კარტა საკუთარ სახელზე გააფორმა და გამუდმებით მამოწმებდა, ვინ მირეკავდა და რატომ. გამორიცხული იყო, სახლიდან მისი ნებართვის გარეშე ფეხი გამედგა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკუთარი მშობლების სახლში ვცხოვრობდი. მთვრალი საშინლად აგრესიული ხდებოდა, თუმცა დალურჯებამდე აღარ მცემდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ მალე ბავშვზეც დაიწყო ძალადობა. იმ პერიოდში, როცა ბავშვი მასთან იყო, ჩემთან ურთიერთობას უშლიდა. შვილთან საკონტაქტოდ, მობილური ტელეფონი ვაჩუქე, მაგრამ ჩემთან რომ არ ესაუბრა, მამა სკოლაში არ ატანდა. ერთხელ ბავშვმა მაინც წაიღო და ამის გამო დალურჯებამდე სცემა. ეს კაცი ვერ ხვდება, რომ ფსიქიკურად ავადაა და უნდა იმკურნალოს, ამიტომ როცა მსგავსი ფაქტი მეორედ მოხდა, პოლიციაში ვუჩივლე და ბავშვი ჩემთან წამოვიყვანე. მანამდე რამდენჯერმე ვიყავი სოციალური მომსახურების სააგენტოში. ვამბობდი, რომ მამა მსმელი იყო, ბავშვს უხეშად ექცეოდა და დაცვა სჭირდებოდა, მაგრამ პოლიციამ რომ არც ბავშვის ექსპერტიზა ჩაატარა და არც შემაკავებელი ორდერი გამოსცა. მდგომარეობა სრულიად აუტანელი გახდა. მამასთან დაბრუნებაზე რომ დაეთანხმებინათ, მეუღლე და მისი ახლობლები დელეგაციებით ჩემს შვილს სკოლაში აკითხავდნენ. ბავშვი ისეთ დღეში ჩავარდა, რომ შიშით სკოლაში ვერ მიდიოდა. მთელი დღე სკოლის კართან ვმორიგეობდი, რომ თავდასხმებისგან დამეცვა. მერე იძულებული გავხდი, სასამართლოსთვის მიმემართა და პროკურატურაში მეჩივლა. მოვითხოვ, ჩემს ყოფილ მეუღლეს მშობლის უფლება შეეზღუდოს. კერძოდ, ბავშვი მასთან ერთ დღეზე დიდი ხნით არ იყოს. ეს არის ადამიანი, რომელიც 20 წლიდან მოყოლებული გადაბმით სვამს, არის არაადეკვატური, სასმელისკენ და ნარკოტიკებისკენ მიდრეკილი და გამორიცხულია, ამას თავი დაანებოს. ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მინდა სასამართლოზე დავაყენო საკითხი, რომ უბნის ინსპექტორი იქნება თუ სხვა, პერიოდულად შემამოწმოს მე და ჩემი ოჯახის წევრები. ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ იქცევა და შემდეგ ის და მისი ოჯახი შეამოწმოს. როცა ბავშვის წასაყვანად მოვა, უნდა დავინახო, მთვრალია თუ ფხიზელია, იმიტომ, რომ მთვრალს ბავშვს არ გავატან. მოვითხოვ, რომ სახელმწიფომ ჩემი შვილის უსაფრთხოება დაიცვას“, – ამბობს ირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები