ირაკლი ლექვინაძე: მოხარული ვარ, რომ თბილისში გენდერული ხეივანი გაჩნდა
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ „გენდერული თანასწორობის ხეივანი“ გახსნა და გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „გენდერული თანასწორობის ხეივანი“ იოანე პეტრიწის ქუჩაზე „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა“ და „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ინიციატივით, თბილისის მერიასთან პარტნიორობით გაიხსნა.
„მოხარულები ვართ, რომ ქალაქის გამწვანების პროცესში ჩართულია საზოგადოების თითქმის ყველა სოციალური ფენა. დღევანდელი აქცია ეძღვნება გენდერულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სამოქალაქო აქტიურობის მხარდაჭერას და მოხარული ვარ, რომ თბილისში გაჩნდა გენდერული ხეივანი“, – განაცხადა იერაკლი ლექვინაძემ. დღესვე ხეივანში წარმოდგენილი იყო სტუდენტების და ჟურნალისტების ფოტოგამოფენა სახელწოდებით: „მოქალაქე IN ACTION”. გენდერულ და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ორი ფოტონამუშევრის ავტორი ჟიურიმ შეარჩია, ერთი გამარჯვებული კი ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა გამოავლინეს.