საქართველოს ტელეკომპანია CNN-ის განვითარებადი ბაზრების განყოფილების რედაქტორი ეწვევა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეხვედრებისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, ხვალ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, EBRD-ის მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესია გაიმართება. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, საინვესტიციო სესია მიმდინარე წლის EBRD-ის ღონისძიების განრიგის განუყოფელი, ინსტიტუციური ნაწილია, სადაც ბანკის სამომავლო საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით, საკვანძო გადაწყვეტილებები მიიღება.
„სესიის ფორმატი გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ინვესტორებს შორის არაფორმალურ დისკუსიას ითვალისწინებს. ამ დისკუსიის მთავარი მიზანი საინვესტიციო პერსპექტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვის პროცესში, აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობის წახალისება, მონაწილეებისთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის სიღრმისეულად გაცნობა და რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა“,-აცხადებენ უწყებაში.
სესია მოიცავს საქართველოს ეკონომიკის ხედვის პანელსა და საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმატებული ისტორიების განყოფილებასაც, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი წარმატებები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარონ.
ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ტელეკომპანია CNN-ის განვითარებადი ბაზრების განყოფილების რედაქტორი ჯონ დეფტერიოსი ეწვევა, რომელიც საინვესტიციო სესიაზე მოდერატორის რანგში იქნება წარმოდგენილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იგი სპეციალიზებულია განვითარებადი და BRIC-ის სახელმწიფოთა ჯგუფის მზარდ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ბიზნესინფორმაციის გაშუქებაზე და CNN-ის ახლო აღმოსავლეთის საბაზრო პროგრამის წამყვანი ფიგურაა. მას აქვს ახალ ამბებზე მუშაობის 20-ზე მეტი წლის გამოცდილება საფინანსო განხრით. მუშაობდა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში.
ჯონ დეფტერიოსი არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მედიაწამყვანი, არაბული სამყაროს თემებზე გლობალური დღის წესრიგის საბჭოს წევრი და ამავდროულად, მსოფლიო ლიდერებისა და უმაღლესი ოფიციალური პირების ექსკლუზიური ინტერვიუების ავტორი.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მისი სტუმრობა და მონაწილეობა საინვესტიციო სესიაში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით პოზიტიური მოვლენაა. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, EBRD-ის საინვესტიციო სესიის მასპინძლობა საქართველოსთვის საუკეთესო საშუალებაა საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის შესახებ მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, უცხოელი ინვესტორების დასაინტერესებლად და მათთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები