დავით ნარმანია EBRD-ის მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საქალაქო და საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორს ჯეიმს ჰისლოპს შეხვდა.
შეხვედრაზე ტრანსპორტის სფეროს, გარე განათების სისტემასა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა განაცხადა, საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტებს, კერძოდ, გარე განათების სისტემასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვას, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარებიან.
გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შესაბამის სამსახურებს მყარი ნარჩენების მართვის ინტერესთა გამოხატვის პროექტის განხორციელების პროცესშიც დაუჭერს მხარს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუნიციპალური ავტობუსების ჩასანაცვლებლად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში გვეხმარება. იმედია, ამ პროექტის განხორციელებაში სამომავლოდ მათი ფინანსური მხარდაჭერაც გვექნება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
EBRD-ის მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი მომავალი თანაშრომლობის საკითხებს შეეხო.
„თბილისის მერთან შეხვედრაზე აქტუალურ საკითხებზე ვიმსჯელეთ. ესენია: ტრანპორტი, გარე განათება და მყარი ნარჩენების მართვა. ეს ის სფეროებია, რომელიც EBRD-ს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და ასევე, მათზე მუშაობის დიდი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია. ჩვენ ამ საკითხებზე მრავალ ქვეყანასა და ქალაქში გვიმუშავია და გვსურს, ეს ცოდნა და გამოცდილება თბილისსაც გავუზიაროთ, რათა მერიამ უკეთესი ხარისხის მომსახურება და უფრო კეთილმოწყობილი ქალაქი შესთავაზოს თბილისელებს“,- განაცხადა ჯეიმს ჰისლოპმა.
შეხვედრას EBRD-ის ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი მეთიუ ჯორდანი, მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორის მოადგილე ლინ ო გრედი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, „სინათლის ქალაქის“, „თბილსერვისის“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვენელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები