თინა ხიდაშელი ქობულეთში დაღუპული მოზარდების პანაშვიდს დაესწრო

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ანსამბლ “სიხარული 2-ის” გარდაცვლილი წევრების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მინისტრმა ტრაგიკულად დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივა, ბავშვების გასტროლებისა და ქალაქგარეთ გასვლების დროს, სპეციალური რეგულაციების შემოღების, ასევე, სასტუმროებში უსაფრთხოების გამკაცრებისა და კონტროლის შემოღების შესახებ, მისასალმებელია, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში თავიდან იყოს აცილებული. “მისასალმებელია გიორგაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივები სპეციალური რეგულაციების შემოღების შესახებ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება ვინმეს უპასუხისმგებლობის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ეს, სასტუმროს მეპატრონე თუ ვინმე სხვა. შენობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იგივე სახანძრო კიბეებთან დაკავშირებით, საქართველოში ძალიან ბევრი წელია, სამწუხაროდ, იმდენი ითქვა, იმდენი დაიწარა, იმდენი ჩხუბი იყო პოლიტიკურად, უკვე ორი ათეული წელია. მთელი ეს დებატები მახსოვს, ხელისგულზე იყო, როდესაც მე თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი, ამაზე უამრავი ბრძოლა და დავი-დარაბა გადავიტანეთ. როგორც ჩანს, ეს ის საკითხია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული უნდა გახდეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ბიზნესის თანამშრომლების ამ თვალსაზრისით, რომ ეს ინიციატივა, მათი მხრიდან ადეკვატურად იქნება გაგებული და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ტექნიკური პრობლემა მაინც გამოირიცხოს. სამწუხაროდ, შემთხვევები ყოველთვის ხდება, როგორი იდეალური გარემოც არ უნდა იყოს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები