“პიკის საათებში მოძრავი ნაგვის მანქანები მძღოლებს გაუსაძლის მდგომარეობას უქმნის”

საცობების პრობლემა დედაქალაქში ჯერჯერობით გადაუჭრელია. ამ საკითხზე როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პიკის საათებში, როცა მერიის დასუფთავების სამსახურის მანქანები მოძრაობენ.
“მუდმივი საცობები, გაწამებული მძღოლები და მგზავრები დედაქალაქის გზებზე – ეს სურათი ფაქტობრივად ყოველდღურად შეგვიძლია ვნახოთ. საცობების პრობლემას ემატება დასუფთავების სამსახურის მანქანების მოძრაობა, განსაკუთრებით საღამოს, რაც მოძრაობის დამატებით შეფერხებას იწვევს“, – წერს გაზეთი.
მიკროავტობუსის მძღოლები აცხადებენ, რომ პიკის საათებში ქუჩებში ნაგვის მანქანების მოძრაობა მათ სეროუზულ პრობლემებს უქმნით, თუმცა მათ ხმის ამოღების შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ.
“არა მხოლოდ პიკის საათებში, დღეში ორჯერ დადიან – დილას და საღამოს. რა თქმა უნდა, მოძრაობა ფერხდება, მით უმეტეს, პიკის საათში არ უნდა გამოდიოდნენ. ამხელა მანქანა რომ დადგება, მოძრაობა შეფერხდება, აბა რა იქნება. თუმცა, ხმას ამოიღებ და სამსახურს დაკარგავ“,- აცხადებს გამოცემასთან სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთი მძღოლი. პიკის საათებში ქალაქში დასუფთავების სამსახურის მანქანების მოძრაობას ტაქსის მძღოლებიც აპროტესტებენ.
მათი თქმით, პიკის საათებში დედაქალაქში იმდენად გაუსაძლისია მდგომარეობა, რომ ცდილობენ, ამ პერიოდში კლიენტებიც არ აიყვანონ.
მერიის პრესსამსახურში გამოცემას განუცხადეს, რომ დედაქალაქში ახლახან შეცვალეს ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილების გრაფიკი, რამაც პრობლემა ავტომატურად უნდა მოხსნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები