რა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში?

გაზეთი „კვირის პალიტრა“ გასულ კვირას სოფელ კარალეთის პირველ საჯარო სკოლაში მოულოდნელად მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში, რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთით, ბავშვები საკვებით ან წყლით მოიწამლნენ, თუმცა, ეს ვერსია ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი წამალი მიიღეს. გორის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, მოკვლევა ყველა მიმართულებით დაიწყო.
„მედიკოსები ამბობენ, რომ მოწამვლის ან ინტოქსიკაციის ნიშნები არ არის. გაკეთდა წყლის ანალიზიც. საქმეში ჩართულია პოლიციაც. ეჭვი აქვთ, თვითონ ბავშვებმა ხომ არ მიიღეს რაიმე საშუალებები”, – აცხადებს ონიაშვილი.
გორის სტაციონარში მოთავსებული მოზარდი ლიკა გოგიაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, რატომ გახდა ცუდად:
“გაკვეთილზე თავი შეუძლოდ ვიგრძენი. შემდეგ მასწავლებელმა მეგობართან ერთად გამგზავნა ამბულატორიაში, იქ კი გონება დავკარგე. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიმე შევისუნთქეთ ან პრეპარატები მივიღეთ, რაც აბსურდია. არანაირი პრეპარატი არ მიგვიღია”.
იგივეს ამბობს კიდევ ერთი მოსწავლე ნათია ადუაშვილი:
“შინ რომ მივედი, რამდენიმე წუთში თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ჰაერი არ მყოფნიდა, თავბრუ მეხვეოდა და ცოტა ხანში ძლიერი კანკალი დამეწყო”.
“კვირის პალიტრა” მე-7 კლასის დამრიგებელს, ეკა ჭილაძეს, ესაუბრა. მასწავლებლის თქმით, ბავშვებს პირველი სპორტის გაკვეთილი ჰქონდათ, რომელიც ეზოში ჩაუტარდათ. ამის შემდეგ, ისტორიის გაკვეთილზე, ერთი გოგონა მოულოდნელად ცუდად გახდა.
„მასწავლებლისთვის უთქვამს, ცუდად ვარ, ჰაერი არ მყოფნისო და ცახცახმაც აიტანა. მოგვიანებით იმავე სიმპტომებით სხვა გოგონებიც გახდნენ ცუდად. ამბულატორიაში გადავიყვანეთ, მაგრამ საავადმყოფოში წაყვანა გვირჩიეს. მოგვიანებით იმავე სიმპტომებით კიდევ მოიყვანეს სამი მერვეკლასელი გოგონა. ბავშვებს სისხლის ანალიზი აუღეს, მაგრამ არაფერი არ აღმოაჩნდათ. ეჭვი, რომ საკვებით ან წყლით მოიწამლნენ, არ დადასტურდა. ვერ ვხვდებით, რა მოხდა”, – ამბობს მასწავლებელი.
არჩილ მიხანაშვილი, კარალეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ სკოლაში ჰიგიენური ნორმები დაცულია. “მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სკოლაში ჰიგიენა უმაღლეს დონეზეა. ვიცი, გავრცელდა ვერსია, თითქოს ბავშვებმა “პლანი” მოსწიეს და ცუდად ამიტომ გახდნენო. აქ მაინც სოფელია, ყველა ყველას იცნობს, არა მგონია. თუმცა, გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ”, – აცხადებს დირექტორი.
გასულ კვირას სოფელ კარალეთის პირველ საჯარო სკოლაში მოულოდნელად მე-7 და მე-8 კლასის გოგონებმა გონება დაკარგეს. ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “კვირის პალიტრას” შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს, მოსწავლეებს ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ნიმუშები აუღეს. ექსპერტიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები