პრემიერი ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ქობულეთში მოხმდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალათ გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და მიიღონ სათანადო ზომები.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის – 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს. შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და მიიღონ სათანადო ზომები. დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს“- ირაკლი ღარიბაშვილი. გამთენიისას ქობულეთის სასტუმრო “არმაზში” ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ოთახში, სადაც სამი ბავშვი იმყოფებოდა, სავარაუდოდ კონდიციონერს ცეცხლი გაუჩნდა.
დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ “სიხარულის” წევრები იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი გოგი მარღანიაა. ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები