სამეგრელოში მე-6 კლასის მოსაწავლემ თავი ჩამოიხრჩო – რას აცხადებს “კვირასთან“ სკოლის დირექტორი

სამეგრელოში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რაიონის სოფელ ლესიჭინეში, მე-6 კლასელმა მოსწავლემ ნიკოლოზ ლ.-მ თავი ჩამოიხრჩო.
“კვირასთან“ საუბრისას სოფელ ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ლაშხია აცხადებს, რომ შემთხვევამდე, ბავშვისთვის დეპრესიის ნიშნები და უგუნებობა არ შეუნიშნავს. ლაშხიას თქმით, ბავშვი გუშინ სკოლაში იმყოფებოდა, გაკვეთილებს დაესწრო, სახლში წასვლიდან რამდენიმე საათში კი ბიძაშვილმა ჩამომხრჩვალი ნახა.
როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, გუშინ ბიჭმა თანაკლასელებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრებიც მიუტანა. მისივე თქმით, ნიკოლოზი ყურადღებიანი ბავშვი იყო და თანაკლასელებს ხშირად ჩუქნიდა საჩუქრებს.
“შეძრულია მთელი სკოლა, ძალიან თბილი და გულისხმიერი ბავშვი იყო ნიკოლოზი, გუშინ ჩვეულებრივად დაესწრო გაკვეთილებს, თანაკლასელებს საჩუქრებიც მიუტანა და გიორგობის დღესასწაული მოულოცა, უყვარდა ყურადღების გამოჩენა, გაკვეთილების ბოლოს კლასის ხელმძღვანელსაც თბილად გამოემშვიდობა. სახლში წასვლიდან რამდენიმე საათში კი თავი ჩამოიხრჩო. ვერავინ ხსნის, რა მიზეზით შეიძლება გაეკეთებინა ეს. ფინანსურად არ უჭირდათ, დედამისი არაფერს აკლებდა, კონფლიქტი არ ჰქონია თანაკლასელებთან, გაოცებულები ვართ“, – აცხადებს “კვირასთან“ სკოლის დირექტორი.
გარდაცვლილი ბიჭის დედა საბერძნეთში სამუშაოდ არის წასული, მამა კი რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. ბავშვი ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები