დავით ნარმანიას „სითი პარკთან“ გარიგებაში ადანაშაულებენ

გაზეთი “ალია” თბილისის მერის, დავით ნარმანიას “სითი პარკთან” შესაძლო გარიგების შესახებ საკუთარ მიმოხილვაში წერს. როგორც გამოცემაშია ნათქვამი, მერმა თბილისელების განსაკუთრებული პრობლემა, კომპანია “სითი პარკის“ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვერ მოაგვარა.

“მალე ერთი წელი გახდება, რაც თბილისელებმა ნარმანია მერად აირჩიეს და ჯერ ,,სითი პარკის“ მოსაშორებლად ხელი არ გაუნძრევია. ,,სითი პარკი“ ისევ “გულაობს”, ავტომფლობელებს ისევ ყვლეფს და მისი აქედან გამგდები კაციშვილი არ ჩანს”, – წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, მერია იმით არის უკმაყოფილო, რომ ,,სითი პარკს“ თბილისის ბიუჯეტში მინიმალური თანხა შეაქვს.

,,ნარმანიას არ მოსწონს, რომ მოქალაქეების ჯარიმებიდან ამოღებული თითქმის, მთლიანად ,,სითი პარკში“ მიდის, ხოლო კომპანია მერიის ბიუჯეტს მათხოვრულ კაპიკს უგდებს. ,,სითი პარკის“ მხოლოდ 10-ლარიანი ჯარიმიდან მიდის მერიის ბიუჯეტში 4 ლარი, 6 – ,,სითი პარკში“. ყველა დანარჩენი ჯარიმა კომპანიას რჩება. სწორედ ხელშეკრულების ეს პუნქტია, მილიონებს რომ აშოვნინებს კომპანიას“,- აღნიშნავს გაზეთი. როგორც გაზეთი “ალია” წერს, ნარმანია შესაძლოა კომპანიასთან გარიგებაში იყოს. “შთაბეჭდილება რჩება, რომ დავით ნარმანია ,,სითი პარკთან“ აშკარა გარიგებაზე მიდის. მერია კომპანიას მოგების ნაწილში უჯდება, მაგრამ ხალხისთვის არაფერი შეიცვლება. იმ 60-ლარიანი ჯარიმიდან 30 ლარს თუ მერია წაიღებს, ხალხს მაინც ბუს კვერცხები და ,,სითი პარკის“ საჯარიმო ქვითრები შერჩება და მეტი არაფერი“,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები