პროკურატურამ კორტების სპეცოპერაციის საქმის მნიშვნელოვანი მოწმე უკრაინაში დაჰკითხა

უკრაინაში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოწმე ედუარდ სინდოიანი დაიკითხა. ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ.
სინდოიანის დაკითხვის დეტალებზე გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სინდოიანი, რომელიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის უკრიანის ციხეში იხდის, კორტების საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაჰკითხეს. „პრაიმტაიმი“ სინდოიანის ჩვენების მოკლე ნაწილს აქვეყნებს. ჩვენებაში სინდოიანი განმარტავს, რომ 2006 წლის 2 მაისს ვაზაგაშვილთან ერთად არა საყაჩაღოდ, არამედ ნარკოტიკის შესაძენად მიდიოდა.
„საყაჩაღოდ არ მივდიოდით, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვაზაგაშვილს, ხუბულოვსა და ფუთურიძეს ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად ველოდებოდი“, – ასეთ ვერსიას აწვდის გამძიებას სინდოიანი.
ამასთან, ჩვენებაში საუბარია სინდოიანის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. მისი თქმით, გამომძიებლებმა ჩვენება ძალის გამოყენებით მიაცემინეს. ზეწოლაში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს გიორგი ცააძეს ადანაშულებს. ცააძე ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გაზეთის ინფორმაციით, უკრაინაში დაკითხული სინდოიანი გამოძიებას ჩვენებას რუსულ ენაზე აძლევს. დაკითხვას კი ქუთაისელი გამომძიებელი, ვინმე სვანიძე აწარმოებს, რასაც ასევე ესწრებიან: თარჯიმანი, საელჩოსა და უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლები. ედუარდ სინდოიანი სწორედ ის „საიდუმლო მოწმეა“, რომლის შესახებაც იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე საუბრობდა. ამ მოწმის შეხსახებ ინფორმირებული იყო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. „იურიმ მითხრა რომ უკრაინაში გამოჩნდნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტს დაადასტურებდნენ და ამით ძალიან გახარებული იყო“,- განაცხადა ივანიშვილმა. გამოძიების მაშინდელი ვერსიიით, სინდოიანმა 2 მაისს ჩოგბურთის კორტებთან ლიკვიდირებულ ალექსანდრე ხუბულოვთან, ზურაბ ვაზაგაშვილთან და დაკავებულ ბუბა ფუთურიძესთან ერთად ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმა, რომელიც ვერ განახორციელა. მაშინ ყველასგან მოულოდნელად სინდოინმა დანაშაული აღიარა, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მინიმალური სასჯელი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის მოხდისთანავე სინდოიანმა საქართველო დატოვა და ამ დრომდე მისი გვარი არსად გაჟღერებულა.

წყარო: „ინფო 9“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები