ნგრევა და მსხვერპლი – რა მოხდება საქართველოში 8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში

დღეს საქართველოში 8-ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, შენობების დაახლოებით 80% დაინგრევა და უდიდესი მსხვერპლი იქნება, – ამის შესახებ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, თბილისი, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. „მშენებლობები ისეა მიშვებული, რომ ამ მხრივ თბილისში კატასტროფული მდგომარეობაა. თბილისი, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. სეისმოუსაფრთხოების გარანტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც წესი, მშენებლობის სამინისტროა, მაგრამ ჩვენთან უწყება თავად წინა ხელისუფლების სურვილით გაუქმდა. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი გენოციდის ტოლფასია საკუთარი მოსახლეობის წინაშე. საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა, სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც სეისმოუსაფრთხოების ღონისძიებებს გაატარებს და მასზე პასუხისმგებლობას აიღებს. მაგალითად, სომხეთში არა მარტო მშენებლობის სამინისტრო არსებობს, არამედ დამატებით სეისმური უსაფრთხოების სახელმწიფო სამმართველოც შეიქმნა. აღნიშნული სტრუქტურა დამატებით იკვლევს რისკებს, თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთან და მკაცრად აკონტროლებს მშენებლობებს. შეიძლება ითქვას, რომ სომხეთმა, ამ მხრივ, სერიოზულად გადაგვისწრო. სამი ტიპის საშიში შენობები არსებობს თბილისში: წინა საუკუნიდან გადმოსული შენობები, რომელთა აშენების დროს ბალიანობა საერთოდ არ განისაზღვრებოდა. დღეს ყველა მათგანი ამორტიზებულია, ზოგს საძირკველიც კი არ აქვს. ამ ტიპის შენობები აბსოლუტურად განწირულია და, პირველ რიგში, სწორედ ეს შენობებია მისახედი. შენობების მეორე ნაწილი საბჭოთა პერიოდში აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებია, მაშინ აშენებული შენობები, ძირითადად, 7 ბალზე იყო გათვლილი. მათი უმრავლესობა დღეს ნახევრად ავარიულია. ეს შენობები სეისმოგამძლეობაზე რომ შემოწმდეს, ყველა დარწმუნდება, რომ გამძლეობა 6 ბალზე,ან უფრო ქვევით იქნება ჩამოსული. და მესამე, სერიოზული საფრთხის შემცველია ბოლო 20-25 წლის განმავლობაში აშენებული შენობები, რომლებიც, წესით, 8-ბალიან მიწისძვრის გამძლეობაზე უნდა იყოს გათვლილი, თუმცა რეალურად მათი შემოწმება არ ხდება. არავინ იცის, რამდენბალიან მიწისძვრას გაუძლებს ეს შენობები“, – აცხადებს საკანდელიძე. მისივე განმარტაბით, როდესაც მერია შენობას იბარებს, არ ამოწმებს მას სეისმოგამძლეობაზე და არავინ არ იცის, რა გამძლეობის სახლებში ცხოვრობენ დედაქალაქის მაცხოვრებლები. იგი პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს.
„როდესაც არ ხდება მშენებლობების მკაცრი კონტროლი, როგორც წესი, ადგილი აქვს უხარისხო მშენებლობებს. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ღმერთმა დაიფაროს და დღეს 8-ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, რისი საფრთხეც რეალურად არსებობს, შენობა-ნაგებობების დაახლოებით 80% მაინც დაინგრევა და უდიდესი მსხვერპლი იქნება, რადგან არანაირი ნორმების დაცვა არ ხდება. 2010 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ ახალი სეისმონორმების მიხედვით, მკაცრად არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს დაპროექტება და მშენებლობა, რკინა-ბეტონის კარკასული შენობების სართულიანობის განსაზღვრა. მაგალითად, რკინა-ბეტონის კარკასის ტიპის შენობის აშენებისას ნებართვა, მაქსიმუმ, 12-სართულიან შენობებზე გაიცემა, ხოლო ურიგენოს ტიპის შენობები, როგორც წესი, 5-სართულიანი უნდა იყოს. მაგრამ ამ მოთხოვნებს არავინ აკმაყოფილებს. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ამ მხრივ ბათუმსა და თბილისში. 12-სართულიანი შენობების ნაცვლად 12-16 და 20-სართულიან შენობებს აშენებენ და ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ეს შეცდომა ძალიან მწარედ მოუბრუნდებათ უკან და ხალხი დაზარალდება. ყველა მსგავსი შენობა სასწრაფოდ უნდა მოექცეს კანონის ფარგლებში და მოიხსნას ზედმეტი სართულები. მაგალითად, როდესაც ლენინაკანში მოხდა მიწისძვრა, კარკასული ტიპის შენობების 98% დაინგრა. ჩვენთან ასეთი ტიპის შენობა ბევრია და მათი უმრავლესობა ნორმების დარღვევითაა აშენებული. პასუხისმგებელი არის მერია. დღეს არ ხდება მშენებლობის შემოწმება, არ არსებობს კადრები, რომლებიც შეისწავლიან და დასკვნას დადებენ, აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული შენობა 8-ბალიანი მიწისძვრის გამძლეობას. მკაცრი კონტროლი თუ არ დაწესდება, დედაქალაქის მოსახლეობა დიდი უბედურებისთვის არის განწირული. ახალი აშენებული შენობების რეალური შემოწმება რომ მოხდეს, 95% დასანგრევი გახდება. ამიტომ ჯობია, შემოწმება მოხდეს მშენებლობის დაწყებისთანავე, ვიდრე აშენების შემდეგ დანგრევის ბრძანება გაიცეს. მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება მხოლოდ არქიტექტურული ნახაზის საფუძველზე, არ ითხოვენ კონსტრუქციულ ნახაზს, რითიც უნდა გაირკვეს, რა ტიპის არის შენობა და რამდენსართულიანი შეიძლება იყოს, რაც თავისთავად განსაზღვრავს გამძლეობასაც. მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისთანავე ითხოვენ სეისმოლოგიური ინსტიტუტის დასკვნას იმის შესახებ, რამდენსართულიანი შენობის აშენება შეიძლება მითითებულ ტერიტორიაზე. ნორმის დარღვევის შემთხვევაში კი ზედამხედველობის სამსახური შენობის ექსპლოატაციაში მიღებაზე უარს აცხადებს. რაც შეეხება ბალიანობის გათვლას და მასზე პასუხისმგებლობის აღებას, ამაზე, როგორც ირკვევა, თავად მენაშენემ უნდა იზრუნოს. მაგრამ უწყება, რომელიც ამ მენაშენეს გააკონტროლებს, არ არსებობს“, – აცხადენს საკანდელიძე. როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, „New York Times“ აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც მიწისძვრის მომდევნო ძლიერი ტალღა თურქეთში, კერძოდ სტამბოლში ან მის შემოგარენში მოხდება. „საფრთხის ზონად დასახელდა, ასევე, ჰაიტი, ლიმა, ინდონეზია…საფრთხის ზონაში ხვდება საქართველოს ტერიტორიაც. მსოფლიო პრესა ყურადღებას შენობების გამძლეობაზე ამახვილებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მსხვერპლის სიმცირეს სწორედ მშენებლობის ნორმების დაცვა განსაზღვრავს. როგორც ირკვევა, საშიშ ზონებში მოსალოდნელი მსხვერპლის რაოდენობა ძალიან დიდია და მიზეზად სწორედ „არქიტექტურული შეცდომები“ და მშენებლობის სტანდარტების დაუცველობა სახელდება. გამონაკლისი თურქეთია, რადგან 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ სტამბოლი გახდა ადგილი, რომელიც საკმაოდ „აგრესიულად“ აძლიერებდა და იცავდა მშენებლობების სტანდარტებს“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები