ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამერიკული მძიმე ტექნიკა ჩამოვა

ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბულგარეთის ქალაქ ვარნიდან საქართველოსკენ დაიძრა. რამდენიმე დღეში ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „მაღალი დონის პარტნიორი“ (Noble Partner) დაიწყება.
წვრთნების ამოცანაა, ნატოს რეაგირების ძალებში საქართველოსა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება. ამ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე 11-25 მაისს ჩატარდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ („Noble Partner“) საქართველოში პირველად ჩატარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად სრულყოფილად მზადყოფნას ისახავს მიზნად.
„წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა „ბრედლებისა“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან. სწავლების ჩატარება 2014 წლის ოქტომბერში დაიგეგმა. ხოლო დაგეგმარების დასკვნითი კონფერენცია 2015 წლის 20-23 იანვარს გაიმართა“, – განმარტავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები