გია ხუხაშვილი: კიდევ 6 მინისტრი გათავისუფლდება

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს, მინისტრთა კაბინეტიდან კიდევ 6 მინისტრი გათავისუფლდება. “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრისას, ხუხაშვილს უჭირს იმ მინისტრების ვინაობის დასახელება, ვინც გასათავისუფლებელთა სიაში მოხვდება, თუმცა აცხადებს, რომ დავით სერგეენკოსა და კახა კალაძეს შორის ერთ-ერთი ამ ფილტრაციას შეეწირება.
“მთავრობის სისტემური გადახალისება მოსალოდნელიც იყო, რადგან ხელისუფლებამ გლობალურ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გამოწვევებს სრულფასოვნად ვერ უპასუხა. რაც შეეხება „რესპუბლიკელების“ წინა პლანზე წამოწევას, “თავისუფალი დემოკრატების” კოალიციიდან წასვლის შემდეგ მმართველ გუნდში ამ პარტიის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მათ მეტი “ლუკმის” მიღების სურვილი გაუჩნდათ. „რესპუბლიკურ“ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად კარგად ანგარიშობენ. გარკვეულ საკითხებზე „რესპუბლიკელების“ მმართველ გუნდთან დაპირისპირება სწორედ პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილი იყო, თუმცა, ისინი ხელისუფლების პირველი პირებისთვის საფრთხეს მაინც არ წარმოადგენენ.
თუ „რესპუბლიკელები“ შიდა კრიტიკას “გადაამლაშებენ”, ხალხის პირისპირ დგომა მოუწევთ, მათი საარჩევნო შესაძლებლობები კი მინიმალურია, რაშიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით. ამიტომ რესპუბლიკური პარტია ძალაუფლების გადანაწილებისას არასოდეს იმაზე მეტს არ ითხოვს, რისი მოთხოვნის რესურსიც რეალურად არ გააჩნია. პოლიტიკაში ასე ხდება, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა პარლამენტისგან ნდობას მიიღებს, ექვსი მინისტრის გათავისუფლების კომფორტი გაჩნდება. ალბათ, უახლოეს თვეებში კიდევ 6 მინისტრს გაათავისუფლებენ.
საკადრო ცვლილებების მეორე ეტაპზე მთავრობას პოლიტიკურად მძიმეწონიანი მინისტრები დატოვებენ, ფინალი კი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის მძიმე ტვირთისგან გათავისუფლება იქნება. მმართველი გუნდის თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ახალი მინისტრთა კაბინეტი შემოდგომისთვის უკვე დაკომპლექტებული იქნება. კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ, თუმცა, დავით სერგეენკოსა და კახა კალაძეს შორის ერთ-ერთი ამ ფილტრაციას შეეწირება. არ გამოვრიცხავ, სამთავრობო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრაზე დაგეგმილიყო… შინაარსობრივად, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა საინტერესო და სწორად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯია. ოპოზიციური პარტიების “დამსახურებით” ხელისუფლების საგარეო მისწრაფებებზე კითხვები მრავლად არსებობს, ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა კი დასავლეთის პასუხად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ცვლილებების ფორმამ საბოლოოდ მაინც ქვეყანაში არსებული მმართველობის კრიზისი გამოავლინა”, -განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები