თამარ სანიკიძე: ორი წელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორისგან მადლობას ვიღებდი

ორი წელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან ძალიან კონსტრუქციულად ვიმუშავე და ერთადერთი, რასაც ვიღებდი ხელნაწერთა ცენტრისგან, ეს იყო მადლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
“ცენტრის დირექტორთან ორი წელი ვიმუშავე ძალიან კონსტრუქციულად და კიდევ ერთხელ შენობასთან, დაფინანსების ზრდასთან და სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით, ერთადერთი, რასაც ვიღებდი ხელნაწერთა ცენტრისგან, ეს იყო მადლობა. 2012 წლამდე ცენტრი მუშაობდა 275 ათასლარიანი ბიუჯეტით, არ ჰქონდათ ელემენტარული საშუალება, რომ რამე გაეკეთებინათ და ჩვენ ეს გავაკეთეთ. დავიწყეთ გარკვეულ საქმეებში ჩახედვა. შეიცვალა ერთადერთი და ეს არის ის, რომ ამ ორგანიზაციაში აუდიტი შევიდა”, – განაცხადა სანიკიძემ. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, 2012 წლამდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ.
“საცავების მოწესრიგება დავიწყეთ. პროგრამების დაფინანსება დავიწყეთ. ასევე გავზარდეთ დაფინანსება. ყველანაირად ხელი შევუწყვეთ და ამის ინიციატორი, პირველ რიგში, ვიყავი მე, როდესაც ვთქვი, რომ არ შეიძლება ცენტრი ფუნქციონირებდეს ასეთ პირობებში და ამას სჭირდება შესაბამისი შენობა და შესაბამისი ხელშეწყობა. ყოველივე ამ სამუშაოს მერე მე სხვა ახსნა-განმარტება არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მას უნდა თავისი პიროვნების წინ წამოწევა და გაიგივება ხელნაწერებთან. საბოლოო ჯამში, თქვენ გადახედეთ წინა პერიოდებს და ნახავთ, რომ ეს არ არის პირველი მცდელობა”, – განაცხადა სანიკიძემ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ბუბა კუდავას შესახებ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში რეაგირება მიდის კანონის, მორალის, ყველანაირი წესების დაცვით. განათლების მინისტრის თქმით, სიცრუეა ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან მოხსნა.
“ბევრჯერ განაცხადეს, რომ მე მოვხსენი ცენტრის დირექტორი პოზიციიდან, ეს არის ცრუ ინფორმაცია. როდესაც მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება და მას უფლებამოვალეობის ვადა ეწურება, რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ? მით უმეტეს, როდესაც კანონიც იგივე ვალდებულებებს წარმოშობს, რომ ან გამოაცხადოს კონკურსი და დანიშნოს დირექტორი კონკურსის წესით, ან მეორე შემთხვევა, როდესაც რეაგირება არ ექნება სამინისტროს და მოვალეობის შემსრულებელს ვადა ამოეწურება და ცენტრი დირექტორის გარეშე დარჩება”, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები